ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 11, 2017 14:39

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ

მნიშვნელოვანი

  • გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!“ - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები: თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე
  • სოფიო შევარდნაძე
  • მარიამ შევარდნაძე
  • ლაშა შევარდნაძე და ნანული შევარდნაძე აწერენ.

სხვა სტატიები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ, წერილში, რომელიც ჰაიკე ფაიჩის გაეგზავნა, შევარდნაძეები გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ადგილი ვერ გამოინახა.

„გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში, გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი, როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალიური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი,მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

თქვენო აღმატებულებავ, ახლა კი, გვსურს, თავს მივცეთ უფლება შეგახსენოთ რამოდენიმე ისტორიული , ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტი:

– 1985 წლის ივლისი. უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).

– 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი – ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.

– 1988 წლის იანვარი – სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

– 1988 წლის 12-15 ივნისი – მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.

– 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძული მალტა – ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვისა და ბუშის შეხვედრა; შეხვედრის მთავარი თემა – გერმანიის გაერთიანება.

– 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და “როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება ბერლინის კედელიც დაინგრევა”.

– 1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა

– 1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, „ღია ცის“ კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო. კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა. „დიდი ოთხეული“ (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ ფორმულაზე „ორი პლიუს ოთხი“- გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან.

– „ორი პლიუს ოთხის“ მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზსა და მოსკოვში.

– 1990 წლის 23 მაისს ჟენევაში შედგა გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.

1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში – არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა -დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.

– 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლიუს ერთი“. ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს „ხელშეკრულება კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

ეს მხოლოდ მშრალი, რამდენიმე მშრალი ფაქტების კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ ასახავს მის უდიდეს პატივისცემას გერმანელ თანამოაზროვნეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში. აქ არ ჩანს მისი უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავისი ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard” მის სახლ-მუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა. ის რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი. ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა საქართველოში იმიტომ გახსენით, და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობის და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და, თვითონაც უკვე დაუძლურებულმა, უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არა ერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შესაბამისად – ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

თქვენო აღმატებულებავ,

გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა – თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები: თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე; სოფიო შევარდნაძე; მარიამ შევარდნაძე; ლაშა შევარდნაძე და ნანული შევარდნაძე აწერენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 11, 2017 14:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics