ედიშერ თოლორაია სანდრა რულოვსს პასუხობს

ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია სანდრა რულოვსის განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ოპონენტის მიერ გამარჯვებაზე საუბარი უტაქტობა და ამომრჩევლებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

ედიშერ თოლორაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ზუგდიდელებო, მვუხდი იმ ათასობით ამომრჩეველს, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში დამიჭირა მხარი. მადლობა იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მიუხედავად თუ ვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, პოლიტიკურ ოპონენტებთან ვპაექრობდით იმ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეებით, რომელიც თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. ამ პირობებში, ჩვენ არა ერთი დამაკნინებელი და დამცინავი განცხადებები მოვისმინეთი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ განცხადებების მიზანი ზუგდიდში და სამეგრელოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გახდათ, არ ჩავრეულვართ პოლემიკაში.
უფრო მეტიც, მოკლე პოლიტიკური მეხსიერების ადამიანების საერთოდ ამოეშალათ გონებიდან ის არაადამიანური ქმედებები, რომელმაც ყოფილი მმართველი პარტია დააზიანა პოლიტიკურად და განუკურნებელი ზიანი და ტკივილი მიაყენა ჩემს თანამოქალაქეებს. მაგრამ არც ეს თემები წამომიწევია წინ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას, რადგან მე მქონდა კონკრეტული საქმეები, რაც განვლილ პერიოდში გავაკეთე ჩემს გუნდთან ერთად ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის.
ჩვენთვის ცნობილია, ყველა იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერების მიერ ხორცილდებოდა. რის ერთადერთ მიზანსაც წარმოადგენდა მათ მიერ დადგმულ „სპექტაკლებში“ „ქართული ოცნების“ დადანაშაულება, თუმცა მათი ეს გეგმა ვერ განხორციელდა.
საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში ჩემმა ოპონენტმა გაიმარჯვა არის მინიმუმ უტაქტობა და ამომრჩევლებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის რეალური რეიტინგის მიჩქმალვის მცდელობა. ამ თემას მიმდინარე ეტაპზე შეგნებულად არ განვავრცობ.
კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს ამომრჩეველს. მოვუწოდებ მათ – 30 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მობრძანდით არჩევნებზე და დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. პირიქით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ პირველ ტურში და მეორეშიც დავუჭერთ მხარს ზუგდიდისა და თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობას.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე, ჩემს გუნდთან ერთად, ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ინტერესების დამცველი და თავდაუზოგავად ვიღვაწებ თქვენი წარმატებებისა და კეთილდღეობისთვის. გავიმარჯვოთ ზუგდიდისათვის, გავიმარჯვოთ საქართველოსთვის”, – წერს ედიშერ თოლორაია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკურ შემოწირულობას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაც“