ედგარს რინკევიჩსი საქართველოს პროგრესს დადებითად აფასებს

რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ლატვიელ კოლეგა ედგარ რინკევიჩსს შეხვდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებს და თითქმის ყველა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას, უწყებათაშორის და რეგიონებს შორის კავშირებს და მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას ლატვიის მტკიცე პოზიციისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე განსაკუთრებით აღნიშნა პირადად ედგარს რინკევიჩსის როლი საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საქმეში.
„საქართველო წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ჩვენი თავისუფლების დაცვა შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მეგობრების მორალური და პრაქტიკული დახმარების გარეშე, როგორიც ლატვიაა“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრებმა ისაუბრეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესის შესახებ. მიმდინარე წელს ლატვია ნორდიკულ-ბალტიური თანამშრომლობის ფორმატის თავმჯდომარე ქვეყანაა, რომლის ფარგლებშიც მის ერთ-ერთ პრიორიტეტს კვლავ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერა წარმოადგენს.
მინისტრმა რინკევიჩსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ახლო მომავალში, მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის იქნება მიღებული. მისი განცხადებით ლატვია დაინტერესებულია საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს უვიზო მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში, რადგან ეს ხელს შეუწყობს, როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას.
მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები მოახლოებულ ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ქვეყნების მოლოდინების შესახებ. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ  ვარშავის სამიტზე სათანადოდ აისახება საქართველოს პერსპექტივა ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა სექტორული მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, აღინიშნა ამ მხრივ არსებული დადებითი დინამიკა. ლატვიამ მზადყოფნა გამოთქვა კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე  მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
banner
წინა სტატიაშითურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა
შემდეგი სტატიათურქეთში რუსული სუ-24-ის პილოტის მკვლელი დაიჭირეს