ე.წ. მოსმენების კანონი – არასამთავრობოები იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს მართავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრებთან კონსულტაციები იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ტექნიკურად შეასრულებს სასამართლოს ნებართვის შემდეგ, ფარულ მიყურადებას და მოსმენას. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურიდან ე.წ. გასაღები სრულად უნდა იყოს გამოტანილი.
არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას არ ეთანხმებიან მმართველი პარტიის წევრები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ე.წ. ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული, რათა ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა, სააგენტო უნდა იყოს დისტანცირებული.

„მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა უნდა იყოს სწორედ იმ სტრუქტურის ხელში, რომელიც მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება ერთის მხრივ, ძალოვანი უწყებებისგან და მეორეს მხრივ, იქნება დამოუკიდებელი და ექნება კონტროლის ეფექტური მექანიზმები სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააგენტო უნდა იყოს მთავრობისგან დისტანცირებული“ – განაცხადა საჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტს ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანის ვალდებულება აქვს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში გადაწყვეტილება მიიღო და კანონში არსებული რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტი ოფიციალურად წყდება
შემდეგი სტატიაკანაფის ნარგავები „გირჩის“ ოფისში – ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება