ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანის და ლევან ბეროძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ე.წ. “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელია.

სამართალდამცველთა დაცვის ლიგის ინფორმაციით, სასამართლომ რამდენიმე ძირითადი მიმართულება და შეიძლება ითქვას განაჩენის დებულებანი გამოყო, რომლებიც დაცვის მხარის აზრით დაუსაბუთებელია, ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და მათზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები უკანონოა.

“ამდენად, თუ ყველა გამოკვლეულ მტკიცებულებას ერთობლიობაში შევაფასებთ, სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მითუმეტეს, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მტკიცებულებათა საკმარისობის, უტყუარობის და სანდოობის არარსებობა ბრალდების ისეთ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, როგორსაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა (საკონტროლო გასროლებით) და განზრახ მკვლელობის ორგანიზება ჰქვია, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასება ვფიქრობ არასწორია და ეწინააღმდეგება მისსავე დასკვნებს განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილებში.

დაცვის მხარის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა, კახაბერ ნაკანისა და ლევან ბეროძის ბრალდების ნაწილში და მათ მიმართ დაადგინოთ გამამართლებელი განაჩენი”, – ნათქვამია სამართალდამცველთა დაცვის ლიგის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპუტინი მოყვა, როგორ შეაჩერა რუსეთმა გლობალური დათბობა
შემდეგი სტატია“თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 ლარი”