ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრები მოსამართლის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის წინააღმდეგ ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრები საჩივარს შეიტანენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა განაცხადეს, მოსამართლე კოჭლამაზაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებენ როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე გენინსპექციაში და პროკურატურაში. მათი განცხადებით, მოსამართლემ ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენის სანაცვლოდ ათიათასობით დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. ამის დამადასტურებელ არგუმენტად კი გასამართლებულები და ახლობლები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ კოჭლამაზაშვილმა წინმსწრებად დაფარა ორი იპოთეკური სესხი. როგორც გიორგი ცააძის და ირინა ცააძე აცხადებს, კოჭლამაზაშვილს სესხი 2017 წელს უნდა დაეფარა, თუმცა წინსმწრებად 8 დეკემბერს გადაიხადა.
“ბადრი კოჭლამაზაშვილი გვეგონა, რომ იყო დამოუკიდებელი მოსამართლე, თუმცა, როგორც ჩანს, მან განაჩენის სანაცვლოდ აიღო ათიათასობით დოლარის ოდენობის ქრთამი. მას ჰქონდა ორი სესხი, რომელიც გუშინდელი რიცხვით გადაფარა. გაჩნდა ეჭვი, რომ მას აღებული აქვს დიდი ოდენობით ქრთამი”, – განაცხადა ირინა ცააძემ.
ირაკლი ფირცხალავს მეუღლის ინგა ხვიტიას თქმით კი, კოჭლამაზაშვილმა პოლიტიკური მოტივით გამოიტანა განაჩენი.
“ეს არის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც 41 გვერდისგან შედგება. განაჩენი ემყარება სიყალბეს და ცრუ ჩვენებებს. სტრასბურგში თუ წაიკითხავენ ამ განაჩენს, შესაძლოა მოსამართლეს თავზე დაახიონ. ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ინგა ხვიტიამ, რომლის თქმითაც, ბადრი კოჭლამაზაშვილის ძმა პროკურატურაში მუშაობს, კერძოდ, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორია.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით კი, ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ ცრუ მოწმეები მოიყვანა და არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ცრუ მოწმეებსაც ჰქონდეთ თანხა აღებული. ერთ-ერთი მოწმე კი, როგორც ადვოკატი ამბობს, ქვეყნიდან გაიყვანეს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე შეისწავლის ვითარებას და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოაქვეყნებს პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების გაყალბების ფაქტებს.
“გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს რათა პასუხი აგოს ყველამ ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. რაც შეეხება მოსამართლეს, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, გენინსპექციას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რათა დაინტერესდნენ ბადირ კოჭლამაზაშვილით”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ე.წ.კორტების სპეცოპარციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი შეტანილი აქვს პროკურატურასაც, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილების გამამართლებელ ნაწილს ასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშისაბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ფოტო-ტური მოეწყობა