ე.წ. გალარების ერთჯერადი პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება

17 იანვრიდან სესხების ე.წ. გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

ე.წ. გალარების აქციას საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.

სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის პირველი იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.

სესხების ე.წ. გალარების ხარჯების შეღავათიანი კურსით სუბსიდირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ე.წ. გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მზადაა, ყველა მსურველს, რომელსაც ე.წ. გალარება შეეხება, სათანადო მომსახურება გაუწიოს.

მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს აღემატება.

ამასთან, მთავრობა შეღავათიანი კურსით სესხების ე.წ. გალარების ხარჯების სუბსიდირებას უზრუნველყოფს.

ე.წ. გალარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. ის მიზნად ისახავს, მომხმარებლებს სესხის მომსახურების ტვირთი შეუმსუბუქდეს, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.

ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ეკონომიკის დოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც თავის მხრივ, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გაატაროს. ლარიზაცია შეამცირებს როგორც მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკის დამოკიდებულებას გაცვლით კურსზე და მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიძარცვა ბათუმში-სუპერმარკეტ “იალჩინის” ბუღალტერს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიასასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო