ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შევიდა. უფლებადამცველის განცხადებით, გასულ კვირას მამა გიორგიმ საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მას სატელეფონო ზარები შეუზღუდეს.

პარალელურად კი, მიხეილ რამიშვილი სასამართლოში შესატანად კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს. ის მეუფე იაკობს უჩივის და ამბობს, რომ სასულიერო პირმა გაკეთებული განცხადებებით მისი პატივი და ღირსება ხელყო.

მიხეილ რამიშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად მამა გიორგი არანაირი დანაშაულის მომზადება არ გეგმავდა.

„ეს ყველაფერი არის პირიქით, მამა გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება, ასე რომ ვთქვათ, დადგმული სპექტაკლი, რომ ჩამოეშორებინათ, ოღონდ ძალიან ცუდი ფორმით. ფაქტია, რომ მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ არანაირი დანაშაული და არანაირი მკვლელობის მომზადებას არ გეგმავდა მამა გიორგი, პირიქით, მოგეხსენებათ, საქმეშიც არსებობს განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს, რომ გათავისუფლებული იქნეს აღნიშნული თანამდებობიდან, დაბრუნებული იყოს ეპარქიაში,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც მამა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, უკანონოა. ხოლო მოსამართლემ, აღწერილობით ნაწილში ვერ მოახერხა ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, სწორედ ამას გაასაჩივრებენ ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოშიო.

„კიდევ უფრო უკანონობა და აბსურდულობაა მის დასაბუთებაში, აღწერილობით ნაწილში. კერძოდ ის, რომ თუ მაგალითად პროკურატურა დამახინჯებულ ფაქტებს აწოდებდა სასამართლოს და საზოგადოებას, ბესიკ ბუგიანიშვილმა კიდევ უფრო დამახინჯებული მიაწოდა. ვინაიდან, თუ ანგარების ნაწილიც აბსურდული იყო, კიდევ უფრო აბსურდულ ნაწილში გადაიჩეხა ეს, როცა შურისძიებაში გადავიდა და ამ შურისძიების არგუმენტაციად მოჰყავს ისეთი არარეალური არგუმენტები, რომელიც კავშირში არ არის საერთოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასაჩივრებთ ამას რა თქმა უნდა და მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო თუ არ იქნება ისეთივე მიკერძოებული, როგორიც იყო ბესიკ ბუგიანიშვილი, ჩვენ სააპელაციო საჩივარს აუცილებლად გაიზიარებს,“ – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნება” პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს – ოპოზიცია დიალოგის აზრს ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა