„ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი სერგო ქავთარაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ თანხების გაფლანგვის ფაქტზე, ამჟამად ძებნაში მყოფ სერგო ქავთარაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ინფორმაციით, ფონდის ყოფილ ხელმძღავნელს, სერგო ქავთარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ, საბოლოოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით.

„საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია, 2010 წლის აპრილისა და მაისის თვეებში არამიზნობრივად, ფონდის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯამში 5129,45 ლარის გახარჯვის ფაქტი. კერძოდ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარის, სერგო ქავთარაძის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღამის კლუბ „დივაში“ გართობისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“,-ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება
შემდეგი სტატია,,რუსეთის ლიდერები ლაპარაკობენ ომზე, როგორც ნორმალურ ვითარებაზე”-ვალდის ზატლერსი