“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამხედროების სახელი იყოს ისეთივე უმწიკვლო, როგორც მათი საბრძოლო მოქმედება”

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამხედროების სახელი იყოს ზუსტად ისეთივე უმწიკვლო, როგორც მათი საბრძოლო მოქმედებაა სამშვიდობო მისიებზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, იგი გუშინ თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაერო-ში მირიან ფოფხაძეს შეხვდა.

“ჩვენ მოვიწვიეთ ქართველი ექსპერტები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები არიან და განსაკუთრებული ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ გვინდა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შემთხვევითობა, გვყავდეს ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საგამოძიებო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. ჯგუფი დაკომპლექტებულია სრულად არა მარტო გამომძიებლებით. სამედიცინო პროცედურები თითქმის დაასრულეს, კვირის ბოლოს დაამთავრებენ აცრებს, შემდეგ ორკვირიანი ვადაა საჭირო იმისთვის, რომ ეფექტი ნახონ სამედიცინო პროცედურის და აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება გამგზავრება. ასე რომ, საზოგადოებას, როგორც შევპირდით მუდმივად ინფორმირებულს ვამყოფებთ, ეს თემა გვერდზე არ გადაგვიდია, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამხედროების სახელი იყოს ზუსტად ისეთივე უმწიკვლო, როგორც მათი საბრძოლო მოქმედებაა სამშვიდობო მისიებზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და თავად პირადად, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღე და ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
“ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად სრულად მაქვს ჩამოყალიბებული აზრი და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ მხოლოდ იურისტი არ ვარ ამ შემთხვევაში, ამიტომ დაველოდები ჯგუფის დარბუნებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი სამხედრობი არაფერ შუაში არ არიან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან. უცხოელ ჯარისკაცებს შორის ასევე ნახსენები იყვნენ ქართველი სამხედროებიც. კომისრის ეს განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტინგენტის სამხედროებმა განახორციელეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკაში ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე, ექვს პირს უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაშიგოგირდის აბანოების თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძის თქმით, პარტიაში შესაძლო დაბრუნების თემაზე ღარიბაშვილთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს