დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში ”ტრამპ თაუერის” მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს

კომპანია The Trump Organization-მა აზერბაიჯანში სასტუმროსთვის ლიცენზიის გაცემის გარიგება გააუქმა და ნაბიჯებს დგამს, რათა იგივე საქართველოში გააკეთოს, – იუწყება ამერიკული ABCNews.

ორივე პროექტი ან მოიცავდა ან დაკავშირებული იყო პოლიტიკურ წრეებთან ასოცირებულ პირებთან, პარტნიორულ კავშირებთან, რასაც შეეძლო პრობლემები გამოეწვია მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფიციალურად პრეზიდენტი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირის დასაწყისში ტრამპის კომპანიამ ლიცენზიის გაცემის გარიგება ბრაზილიური სასტუმროსთვის გააუქმა, ასევე დაიხურა დელავერის შტატში რეგისტრირებული ოთხი კომპანია.

დონალდ ტრამპის ადვოკატის ალან გარტენის განცხადებით, აზერბაიჯანში, საქართველოში და ბრაზილიაში პროექტების დეველოპერებმა ვერ დააკმაყოფილეს ლიცენზიის გაცემის გარიგებების პირობები. მან აღნიშნული გადაწყვეტილება აღწერა როგორც „საშინაო მეურნეობის პროცესი“ და არა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შემცირების სტრატეგიის ნაწილი.

მისივე თქმით, ამჟამად კომპანია The Trump Organization არ გეგმავს საზღვარგარეთ მდებარე სხვა პროექტების გაუქმებას.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ პროექტს, ტრამპის ადვოკატის ალან გარტენის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ტრამპის კომპანიამ პროექტის დეველოპერს კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს ლიცენზიის გაცემის გარიგების პირობები. მისი განმარტებით, ეს პირველი ნაბიჯია გარიგების გაუქმებისკენ.

საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის იდეა 2010 წელს, ნიუ იორკში ‘’სილქ როუდ ჯგუფის‘’ ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. „ტრამპ თაუერს“ ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე გადაწყდა. 2012 წლის აპრილში დონალდ ტრამპი ბათუმში პროექტის პრეზენტაციას თავად დაესწრო, თუმცა პროექტის განხორციელება შეჩერდა.

ნოემბერში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელმა გიორგი მარრმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პროექტის განხორციელების შეჩერების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს, ერთი მხრივ, რეგიონში უძრავი ქონების არასახარბიელო ფასით იყო განპირობებული, მეორე მხრივ კი იმით, რომ „წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობას აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან“. მისი თქმით, ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია