დიმიტრი ქუმსიშვილი: ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ

EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მხრიდან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა ხელი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან ასოცირების ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის თავზე შედგა.

ასოციაციასთან მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე ვადებში, წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამით ქართულ ბიზნესს ეხსნება 14 მილიონიანი ბაზარი.

მისი თქმით, მთლიანი ერთობლივი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეს ოთხი ქვეყანა აგენერირებს, 850 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა მიმართულებას ფარავს, ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი მომსახურება და პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა სამთავრობო გუნდს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. მისი განცხადებით, მოლაპარაკება დაგეგმილზე სწრაფად დასრულდა და აღნიშნულმა პროცესმა მხოლოდ 6 თვე შეადგინა.

ცნობისთვის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) შედის ევროპის ოთხი სახელმწიფო: შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია.

banner
წინა სტატიაშიშოთა ხიზანიშვილი, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა
შემდეგი სტატია“სავალდებულო გაწვევის გაუქმება კატასტროფა ნამდვილად არაა, თუკი ეს ჯდება გააზრებულ პოლიტიკაში”