დიმიტრი ქუმსიშვილი : ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა

ბათუმში საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია იმართება. ფორუმზე სიტყვით ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოვიდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

მისივე თქმით, 7 თვეში მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2017 წლიდან, ჩინეთში საქართველოდან ნულოვანი ტარიფებით შესაძლებელია ღვინისა და სხვა აგრარულ პროდუქციის შეტანა.

“მივაღწიეთ უპრეცედენტო შედეგს ჩინეთიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამ მოლაპარაკების შედეგად, ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე. ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ნულოვანი ტარიფით და ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე შევა ჩინეთში. ეს არის უპრეცენდენტო შეთანხმება, რომელიც მოკლე დროშია მიღწეულია. ჩინეთს მანამდე აგრო პროდუქტებზე ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე არავისთან გაუნულებია საბაჟო ტარიფები, ჩვენ კი ეს შეღავათი ხელშეკრულების გაფორმებიდანვე გვექნება” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მიღწეულ შეთანხმებას მოეწერება ხელი, შემდეგ კი მისი რატიფიცირება მოხდება ორივე ქვეყნების პარლამენტის მიერ.

“ჩინეთში 2 მილიონ ექვსასი ათასი ბოთლი ღვინო გავყიდეთ გასულ წელს, წელს 5 მილიონამდე გვაქვს გათვლა. ეს შეთანხმება დიდი წარმატება იქნება და კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ ღვინოს”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი: უკეთესად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ
შემდეგი სტატიაარიელ კოენი : საქართველო ამერიკის საკვანძო მოკავშირეა