დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური სასურსათო კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობებზე ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ჩინური კორპორაციის „Er Shang Group“-ის პრეზიდენტთან სუნ ჯისთან შეხვედრისას, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომლის კომპანიამ „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან „Beijing Er Shang“ ბიზნესფორუმის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც აისახა კიდეც საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელები საქართველოში მოიპატიჟა საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ადგილზე შესასწავლად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაცია „Er Shang Group“-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, დიდი ინტერესი აქვს საქართველოსთან ითანამშრომლოს, მათ შორის, ქართული ღვინის „Er Shang Group“-ის მფლობელობაში არსებული სარეალიზაციო ქსელის მეშვეობით. თუმცა, ღვინის გარდა, ჩინური კორპორაცია სხვა ქართული აგროსამრეწველო პროდუქციითაც ინტერესდება.

შანხაის ბიზნესფორუმმა, რომელიც 27 ივლისსაც გაგრძელდება, თავი მოუყარა ჩინეთის, განსაკუთრებით კი შანხაის პროვინციაში მომუშავე 100–ზე მეტი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელს. მათთვის პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდების დირექტორებმა.

banner
წინა სტატიაშიამბასადორიალის მეორე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას პრემიერთან შეხვედრამდე არ გეგმავს