დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

პირველი ვიცე-პრემიერი ქალაქ შანხაიში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და მოხსენებას გააკეთებს საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც 26-27 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შანხაიში გაიმართება.

”ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების შესახებ. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საინვესტიციო პროექტებზე ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, საბანკო და კერძო სექტორის სხვა სფეროებიდან”,- განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ქალაქ შანხაის პორტსა და ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნობა.

27 ივლისს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის ორგანიზებით დაგეგმილ ქართული ღვინის საღამოში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმზე ხელმოწერა, კერძოდ: დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინური ორგანიზაციის „Xinhua Net SRICC’s“ პრეზიდენტი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის ქართული ღვინის პრომოციის შესახებ E-SilkRoad-ის მეშვეობით.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 28 ივნისს ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება. პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-ფორუმში, სადაც გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

ნანჩანგის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ორგანიზებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ნანჩანგშივე ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივითა და სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სახლის „ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანე-ჯუნგეს“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში, სადაც ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრად კობა კობალაძის კანდიდატურას „რესპუბლიკელები“ ლობირებენ?
შემდეგი სტატიაშსს-ს განცხადება პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით