დიმიტრი ქუმსიშვილი: აპრილში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აპრილში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აპრილის თვეში 462 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია ქვეყანას, რაც 17 % -იანი მატებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 24 საათზე მეტი ხნით დარჩენილი ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია 20%-ით. შესაბამისად, საერთაშორისო მეთოდოლოგიით, ესენი არიან სწორედაც რომ ტურისტები. შესამაბისად, ჩვენ ჯამურად, 4 თვის განმავლობაში 15 %-იანი ზრდა გვაქვს. წინა წლის აპრილში გვყავდა 394 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი, წელს აპრილში გვყავს 462 ათასი ვიზიტორი, ხოლო მთლიანად ოთხი თვის მანძილზე, თუ შარშან ჩვენ გვყავდა ანალოგიურ პერიოდში მილიონ 83 ათასი ვიზიტორი, ახლა გვყავს მილიონ 596 ათასი ვიზიტორი. თანხაში რომ გადავიყანოთ აღნიშნული ციფრი, უნდა გავამრავლოთ 700 ლარზე და, შესაბამისად 140 მილიონზე მეტია შემოსავალი ქვეყანაში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებლები მიუთითებს ახალ სამუშაო ადგილებსა და ვალუტის სიმყარეზე.

„ეს არის კონკრეტულად შემოსავლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არის შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, რაც აისახება კიდეც ეროვნულ ვალუტაზე. ძალიან კარგი რიცხვები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მატება გვექნება შემდგომ თვეებშიც”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება
შემდეგი სტატიანიკოლას ბერლინერი: ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან