დიმიტრი ხუნდაძე ცეზარ ჩოჩელს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა.

როგორც დიმიტრის ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცეზარ ჩოჩელი 37-ე ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად 2016 წლის 15 აგვისტოს დარეგისტრირდა. ამ დროისათვის ცეზარ ჩოჩელი წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ანუ მმართველი ორგანოს უმაღლეს პირს. ამ კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას 2016 წლის 17 აგვისტოს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადაურიცხა 12 145 ლარი.

„ეს გადარიცხვა მოხდა მას შემდეგ, რაც ცეზარ ჩოჩელი უკვე დარეგისტირირებული იყო მაჟორიტარობის კანდიდატად. მსურს მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს, შეისწავლონ ეს ფაქტი და გააკეთონ დასკვნა“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში 29 სკოლა და 21 საბავშვო ბაღია, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ცეზარ ჩოჩელს და მის კომპანიებს არც ერთი თეთრი არ აქვთ ქველმოქმედების სახით გადარიცხული არც სკოლებში და არც ბაღებში.

„ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს, ბაღებს. თუკი ვინმე სახელმწიფოს გვერდით დაუდგებოდა, უარს ნამდვილად არ ვეტყოდით, მაგრამ ცეზარ ჩოჩელს ქველმოქმედება მცხეთაში მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება, როდესაც ხმების მიღება სურს დეპუტატობისთვის”,-განაცცადა ხუნდაძემ.

ასევე, ხუნდაძის ინფორმაციით, 2015 წელს ახალგორიდან დევნილი ბავშვები მიემგზავრებოდნენ საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთში, მათ სამგზავრო თანხაზე დასამატებლად 2000 ლარი თხოვეს ცეზარ ჩოჩელს, მაგრამ უარი მიიღეს.

„ამ ბავშვების გამგზავრება ესპანეთში ჩემი და კულტურის მინისტრის დახმარებით სრულად დაფინანსდა. დევნილმა ბავშვებმა ამ ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღეს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო ქველმოქმედებას, კიდევ ერთხელ მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს, გამოიძიონ საგურამოს სკოლის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი. რაც შეეხება ჩოჩელის ეგრეთ წოდებულ ქველმოქმედებას, მინდა განვაცხადო, რომ მცხეთელები ამით არ მოტყუვდებინა“,-აღნიშნა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიხოდორკოვსკის ახალი პროექტი -,,პუტინის ადგილზე,,
შემდეგი სტატიასააკაშვილმა პოროშენკოს ბლოკის დეპუტატებს “არარაობა” უწოდა