დღეს საშობაო ალილო გაიმართება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს.
მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდებიან. მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან გაჩერდებიან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულს გადასცემენ. მონაწილეთა ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენაც გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ, მოგვიანებით კი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საშობაო ლიტურგია აღევლინა
შემდეგი სტატიასხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომელზეც უგულავას პასუხის გაცემა მოუწევს – კახი კალაძე