“დღეს დოკუმენტურად დადასტურდა ყირგიზეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ დღეს საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა უმნიშვნელოვანეს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელშიც ყირგიზეთი აფიქსირებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების მთლიანობის პატივისცემას, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში ძალისა და ძალის გამოყენების მუქარის გამოუყენებლობას.

„ყირგიზეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც დღეს არის ევრაზიული კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და მისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის”,-აცხადებს ფხალაძე.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი; მათ შორის არის საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება, სადაც ხაზგასმულია მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ძალიან ნათლად და ხაზგასმით არის წამოწეული ის პრობლემა, რაც აწუხებდა საქართველოს, ეს არის დევნილთა პრობლემა და მათი ღირსეული დაბრუნების პრობლემა.

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ეს არის სწორედ არაღიარების პოლიტიკა. მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამწლიანი ძალისხმევა დაგვჭირდა საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, რომ ეს ვიზიტი განხორციელებულიყო.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი საქართველოში 19 წლის წინ განხორციელდა და უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი დაუჭირონ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც იმ ბლოკებში განიხილება, სადაც ლიდერის და წარმმართველის ფუნქციები აქვს რუსეთის ფედერაციას. ეს ყოველივე აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე და ზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მლიანობასა და სუვერენიტეტს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს ექვსი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსეთის შსს-მ დაადასტურა, რომ იანუკოვიჩს თავშესაფარი მისცა