დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, 12:00 საათზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ბაღში შვილისთვის საგანგებოდ მაღალი კოშკი ააშენა, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისგან მოშორებით იზრდებოდა.

გოგონა სამყაროს შემქმნელზე ხშირად ფიქრობდა და ბოლოს მიხვდა, რომ ერთი შემოქმედი უნდა არსებულიყო, რომელიც ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს. ღვთის განგებით, მან ქრისტიანი თანატოლები გაიცნო და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო.

წმიდა ბარბარემ იესო ქრისტე აღიარა და მამისგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ შვილი მოსაკლავად გაიმეტა. ქალწული ქალაქის მმართველს მიჰგვარა, რომელიც წმიდა ბარბარეს წამებას არ დასჯერდა და ბრძანა, ქალიშვილი ქალაქში შიშველი გამოეყვანათ, მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე, გონებადაბნელებულმა მამამ, ერთადერთ შვილს თავი საკუთარი ხელით მოჰკვეთა.

დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ – ისინი მეხმა ფერფლად აქცია. დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები კი, ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა, ბარბარემ, კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.

ამჟამად, წმიდა ნაწილები კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას იმყოფება. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა აშშ–ს უპილოტო წყალქვეშა ნავი გაიტაცა–პენტაგონი ინფორმაციას ადასტურებს
შემდეგი სტატიაილია II მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს