დღეისათვის არ გვაქვს არც ეკონომიკური კრიზისი, არც რეცესია და არც სტაგნაცია-იაშა მესხია

iasa mesxiaარის თუა არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი? ეს კითხვა დღეს აღელვებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ოპოზიციას, რადგან იგი პოლიტიკური დივიდენდის მოპოვების საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი გახდა. ყველასათვის ცხადია, რომ ეკონომიკა დიდი ხანია პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების საჯილდაო ქვად იქცა. მოკლედ რომ ვთქვათ ეკონომიკა პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. ფაქტობრივად ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა კი არაა მთავარი ამოცანა ოპოზიციის, არამედ ყოველდღიური კიჟინი იმაზედ, რომ ყველაფერი ცუდადაა, მალე ქვეყანა თავზე ჩამოგვექცევა და მისი გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ. სხვას არავის, მით უმეტეს მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს მცდარი აზრია და არაპატრიოტული მიდგომაა. სკამების გულისათვის ქვეყნის იმიჯის შელახვა და საზოგადოებისა და ინვესტორების შეცდომაში შეყვანა არაა კაცური საქმე. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემები არაა. პირიქით, იყო, არის და საკმაოდ დიდხანს ქვეყნის ეკონომიკაში ტურბულენტურ ვითარებას ექნება ადგილი. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური ახსანა აქვს, რაზედაც ახლა არ ვაპირებ საუბარს. ამჯერად მინდა განვმარტო, რამდენად სწორია კიჟინი იმაზედ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და წინ უბედურება გველის. მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ამ კუთხით საკმაოდ ჩახედული ვარ–აცხადებს “თაიმერთან” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის გამგე იაშა მესხია

ეკონომისტებმა კარგად ვიცით ისეთი კატეგორიების არსი, როგორებიცაა “ეკონომიკური კრიზისი”, “რეცესია”. “დეპრესია”, “სტაგნაცია”, “შენელება”, “ვარდნა” და ა. შ. ეკონომიკის თეორიაში განასხვავებენ აგრეთვე შემდეგ სექტორალურ კრიზისებს: ფინანსური კრიზისი, საბანკო კრიზისი, სავალუტო კრიზისი, ინვესტიციური კრიზისი და ა. შ.

დღეისათვის არ გვაქვს არც ეკონომიკურ კრიზისი, არც რეცესია და არც სტაგნაცია

კატეგორია „ეკონომიკური კრიზისის“ ჰარი-ჰარალად გამოყენება უცოდინარობის ან პოლიტიკური ანგაჟირების ბრალია. კლასიკური ეკონომიკური თეორიიდან კარგადაა ცნობილი, რომ ეკონომიკური კრიზისი როგორც ნეგატიური მოვლენა განისაზღვრება არა ერთი რომელიმე მაჩვენებლით, არამედ მაჩვენებელთა სისტემით. აკადემიური გაგებით ეკონომიკურ კრიზისი ვლინდება წარმოების მოცულობის შემცირებაში, ეკონომიკური კავშირების რღვევაში, საგარეო და საშინაო ვალების სისტემატურ დაგროვებაში და მათი დაფარვის შეუძლებლობაში, საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობის რღვევაში, მათ დეფიციტსა და ჭარბწარმოებაში, საწარმოთა გაკოტრებაში, ფულად-საკრედიტო და სავალუტო ურთიერთობათა არამდგრადობაში, უმუშევრობის ზრდაში და საბოლოო ანგარიშში მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირებაში.
მოდით განზე გადავდოთ პარტიულობა, პოზიცონერობა-ოპოზიციენერობა და პატიოსნად ჩავიხედოთ ოფიციალურ სტატისტიკაში (მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ მხარეს). მარტივად ვნახავთ, რომ კრიზისის მახასიათებელი კრიტერიუმებიდან არც ერთი ფაქტობრივად არ ადასტურებს ეკონომიკური კრიზისის დადგომას. მაგალითად, წარმოების მოცულობა აბსოლუტურ მაჩვენებელში არ შემცირებულა (ზრდის ტემპი სხვა რამეა, იგი ზიგზაგისებრი ხასიათისაა), ეკონომიკური კავშირები არ მოშლილა (პირიქით გაიზარდა), საგარეო და საშინაო ვალების გადახდის პრობლემა არ დამდგარა (პირიქით, მთავრობა წინათ აღებულ ვალებს მეტს იხდის და ნაკლებს იღებს), საქონლის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი არ შეიმჩნევა (თუ ფული გაქვს, დღეს ნებისმიერ საქონლის შეძენა თავისუფლადაა შესაძლებელი). უმუშევრობის დონემ მცირედით, მაგრამ მაინც დაიწია. რაც შეეხება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას, ეს უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ჯერჯერობით არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, მხოლოდ საბაზისო განაკვეთი უმნიშვნელოდ- 0.5 პროცენტით გაიზარდა, ასე რომ აქ არანაირ კრიზისზე საუბარი არ შეიძლება. გარკვეულ გარღვევას ნამდვილად აქვს ადგილი სავალუტო პოლიტიკაში, უფრო სწორედ მის მეორე კომპონენტში- ლარის გაცვლითი კურსის პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ეკონომიკური და არც სავალუტო კრიზისის დადგომას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სავალუტო კრიზისი ორი კომპონენტისაგან შედგება. ერთი, ეს არის, გაცვლითი კურსის ნახტომისებრი ცვლილება და მეორე, ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების ამოწურვა. აქედან, პირველს ნამდვილად აქვს ადგილი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ხოლო მეორე კომპონენტი საკმაოდ ძლიერადაა წარმოდგენილი. ეროვნულ ბანკს 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მობილიზებული და მის ხარჯვას დიდი სიფრთხილით ეკიდება.

დღეისათვის არ გვაქვს არც ეკონომიკურ კრიზისი, არც რეცესია და არც სტაგნაცია

დაეცა თუ არა მოსახლეობის ცხოვრების დონე? დაეცა ჯერჯერობით მხოლოდ იმათთვის, ვისაც სესხი ბანკებიდან დოლარებში ქონდა აღებული. უთუოდ დაეცემა მთელი მოსახლეობის ცხოვრების დონე, თუ ლარის კურსის გაუფასურებას მოყვება ინფლაციური პროცესები. ახლა თქმა იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონე საყოველთაოდ დაეცა, არ იქნებოდა სწორი. კი, ფასები ზოგიერთ პროდუქტებზე გაიზარდა, მაგრამ მთელ რიგ საქონელზე და მათ შორის ბენზინზე შემცირდა. აქ მოქმედებს დიდ რიცხვთა კანონი და შედეგად ინფლაცია ჯერჯერობით 2 პროცენტის მიდამოებშია. თუ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ინფლაციის ზრდას მწვანე შუქი აუნთო, ცხოვრების დონე უთუოდ დაეცემა ყველასათვის.

ეკონომიკური კრიზისზე საუბრისას მთავარია ერთმანეთში არ ავურიოთ ზრდის ტემპი და აბსოლუტური მაჩვენებლები. ზრდის ტემპის ვარდნა არაა კრიზისის მაჩვენებელი, მხოლოდ აბსოლუტური სიდიდეების მინუსავანში გადასვლა არის ნიშანი კრიზისის მოახლოების და არა დადგომის. მკაფიოდ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ბოლო ორ წელიწადში წინა წელთან შედარებიდ მინუსაოვანი მაჩვენებელი ეკონომიკური კრიზისის განმსაზღვრელ არც ერთ კომპონენტში არ ფიქსირდება. ანუ ეკონომიკურ კრიზისზე დღეის მდგომარეობით საუბარი არასწორია და მოსახლეობის მოტყუებაა. სხვა საკითხია ვალუტის კურსით გამოწვეული პრობლემები. მისი ეკონომიკურ კრიზისთან გაიგივება უცოდინარობა ან პოლიტიკური თაღლითობაა. ასე, რომ ვინც ეკონომიკურ კრიზისის დადგომაზე მიანიშნებს, საჭიროა დაადასტუროს კიდევაც ფაქტობრივი სტატისტიკური მასალებით, რასაც პატიოსანი გზით ვერ შეძლებს. ვიმეორებ, დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისი არაა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სწორია ამას რომ ამბობს ხმამაღლა.

 

ეკონომიკაში ნეგატიური პროცესების ამსახველ კატეგორიას განეკუთვნება აგრეთვე “რეცესია”, რომელიც ძირითადად გამოიყენება მაკროეკონომიკური პროცესების შეფასებაში. იგი ნიშნავს წარმოების მოცულობის შედარებით ზომიერ, არაკრიტიკულ ვარდნას ან ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას. წარმოების ვარდნა ხასიათდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნულოვანი ზრდით (სტაგნაცია) ან მისი ვარდნით დროის გარკვეულ პერიოდში (მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში). რეცესიის დროს ადგილი აქვს ინდექსების ვარდნას ბირჟებზე. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ციკლური კრიზისების ნიშნები, როგორიცაა მაგალითად, უმუშევრობის დონის ზრდა. არ მინდა მკითხველი გადავღალო ამიტომ მოკლედ ვიტყვი. დღეს რესესიას მისი კლასიკური გაგებით არა აქვს ადგილი საქართველოში–აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის გამგე იაშა მესხია

დღეისათვის არ გვაქვს არც ეკონომიკურ კრიზისი, არც რეცესია და არც სტაგნაცია

ეკონომიკაში ნეგატიური მდგომარეობის ამსახველი კატეგორიაა აგრეთვე “სტაგნაცია”, რომელიც ნიშნავს უძრაობას, გაჩერებას წარმოებაში, ვაჭრობაში და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში. სტაგნაციის დროს გამოკვეთილად არა აქვს ადგილი არც ეკონომიკურ ზრდას და არც ვარდნას. იგი ხასიათდება წარმოებისა და ვაჭრობის ხანგრძლივი დროით მოდუნებით. მას თან ახლავს უმუშევართა რაოდენობის ზრდა, ხელფასებისა და ცხოვრების დონის შემცირება. მოკლედ რომ ვთქვათ, სტაგნაცის დროს ეკონომიკისს ზრდა ნულოვანია, ხოლო მისი სტრუქტურა უცვლელია. სწავლული მკითხველი ნამდვილად დამეთანხმება, რომ დღეისათვის არც სტაგნაციას აქვს ადგილი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებული კატეგორიის გამოვლენას უნდა ჰქონდეს კანონზომიერების ხასიათი და იგი უნდა მოიცავდეს დროის გარკვეულ მონაკვეთს, მინიმუმ ნახევარ წელს მაინც.

ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კიდევ ერთი საყურადღებო კატეგორიაა “ეკონომიკური შენელება”, რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება ზემოხსენებული კატეგორიებისაგან. იგი გულისხმობს რეტროსპექტივაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას ანუ ეკონომიკური აქტივობის შენელებას, მოდუნებას. განსხვავებით რეცესიისაგან, რომლის დროსაც აშკარად გამოკვეთილ ტენდენციას ღებულობს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება, შენელების დროს ეკონომიკური ზრდის შემცირებას ტენდენციის სახე არ გააჩნია, რადგან დროის მოცემულ მონაკვეთში შემცირებას ცვლის ზრდა, და პირიქით, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა იმყოფება ტურბულენტურ (სწრაფად ცვალებად) მდგომარეობაში. აი ამას ნამდვილად აქვს ადგილი დღევანდელ საქართველოში.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა შემდეგი: დღეისათვის არ გვაქვს არც ეკონომიკურ კრიზისი, არც რეცესია და არც სტაგნაცია. ფაქტობრივად საქმე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელებასთან, მის ვარდნასთან. თუმცა არ შეიძლება ამ მოვლენისადმი ზედაპირული და მსუბუქი მიდგომა, რადგან ეკონომიკური შენელების პროცესის გრძელვადიან პერიოდში გაწელვამ და კანონზომიერების ჩამოყალიბებამ შეიძლება ეკონომიკა გადაიყვანოს შემდგომ უფრო მტკივნეულ რეჟიმში, როგორიცაა რეცესია, სტაგნაცია და კრიზისი. თუ მთავრობამ არ მიაყურადა ეკონომიკური ვარდნისა და მოდუნების გამომწვევ ფაქტორებსა და პირობებს, არ შექმნა ბიზნესის გააქტიურების ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური პირობები ეკონომიკური ვარდნა ჯაჭვური რეაქციით შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ კრიზისში. დღეს კი კრიზისი არ გვაქვს საბედნიეროდ და ამაში ბატონი ნოდარ ხადური მართალია–თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის გამგე იაშა მესხია

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპუტინი წარსულიდან მომავალში (ვიდეო)