დღეიდან საქართველოში ძალაში შედის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენცია

2017 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოში ამოქმედდება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც ასევე ცნობილი არის სტამბოლის კონვენციის სახელწოდებით. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სტამბოლის კონვეციის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქალთა უფლებების უკეთ დაცვისა და განმტკიცების გზაზე, კონვენციის ამოქმედება ასევე თვისობრივად გააუმჯობესებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისგან და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს.
სტამბოლის კონვენცია წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ქალების დაცვას ძალადობის ყველა ფორმისაგან, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციას, გამოძიებასა და აღმოფხვრას, ასევე ხელს უწყობს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. კონვენცია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. დღევანდელი მდგომარეობით კონვენცია ძალაშია ევროპის საბჭოს წევრი 24 ქვეყნისთვის.​

სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, კონვენციის საფუძველზე, შეიქმნება ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავდა და მიღებულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხო ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, იურიდიული დახმარების შესახებ კანონის, პატიმრობის კოდექსის, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის, შრომის კოდექსის, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონისა და სხვა აქტების დებულებებს.​

banner
წინა სტატიაშიუცხოურ ავიაკომპანიებს საქართველოში არსებული ლიბერალური რეგულაციები იზიდავს
შემდეგი სტატიამთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული