დღეიდან, N87 მარშრუტზე „მანის“ ახალი ავტობუსები იმოძრავებს

დღეიდან, „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-საბურთალო) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდებიან.

ახალი ავტობუსების პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძესთან და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად დაესწრო.

„თბილისის მერია აგრძელებს ავტობუსების პარკის ჩანაცვლების პროცესს, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნის სამარშრუტო ხაზებზე, განსაკუთრებით შორ დისტანციებზე, ყვითელი „ბოგდანების“ თანამედროვე ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამჟამად, N1 ავტობაზაზე წარმოდგენილია „მანის“ ავტობუსების ახალი ნაკადი, რომელთა გაშვება მოხდება წრიულ სამარშრუტო ხაზზე. აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან მოემსახურება ვაკის და საბურთალოს ტერიტორიებს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ახალ ავტობუსებში, ძველ სალარო აპარატებთან ერთად, გადახდის ახალი სისტემა მოქმედებს. ახალი სალარო აპარატის მეშვეობით ბილეთის ბეჭდვა არ ხორციელდება, მგზავრობის საფასურის გადახდა კი, „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათის, „მეტრომანისა“ და სხვა შეღავათიანი სატარიფო ბარათებითაა შესაძლებელი.

მგზავრობის საფასური სტანდარტული 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში რჩება მერიის მიერ მგზავრობისას დაწესებული შეღავათები.

დედაქალაქის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა და მათი თბილისში მოწოდება მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

დღეისთვის, ეკოლოგიური – CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ლურჯი ავტობუსები N37, N51 და N61 მარშრუტებს ემსახურებიან.

banner
წინა სტატიაში„ნარმანიამ მოსახლეობას მილიონი ლარი მოპარა და ვიღაც „ტიპს“ ჩაუდო ჯიბეში“ – ხმაური თბილისის მერიაში
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები აჟიოტაჟის შექმნას ხელოვნურად ცდილობენ