დღეიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, ხოლო ბიომეტრული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, ხოლო ბიომეტრული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 12 დეკემბერის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებისთვის საახალწლო აქცია გამოაცხადა.

“ჩვენ უკვე მეხუთე წელია, ვაგრძელებთ საარჩევნო სიის დახვეწას და იმ პრინციპის უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი, ერთი საბუთი, ერთი ხმა. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებულად დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ორი მიზნის მისაღწევად ჩვენ გადავწყვიტეთ, საახალწლოდ მოქალაქეებისთვის აქცია გამოვაცხადოთ, რომლებისთვისაც 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობa იქნება უფასო, ხოლო ბიომეტრული პასპორტი შესაძლებელი იქნება, ავიღოთ 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად. ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, აუცილებელია, რომ უვიზო კავშირი ევროპის ქვეყნებთან გამოვიყენოთ, რათა საკუთარი თავი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. დათქმულ დროს დავბრუნდეთ საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი. ამისთვის კი ბიომეტრული პასპორტი არის აუცილებელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

banner
წინა სტატიაშიბებია და შვილიშვილი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ
შემდეგი სტატია15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იუსტიციის სახლები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ