ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის ბექა ხახუბიას ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ სამივე პატრულ-ინსპექტორს უფლებამოსილების შესრულება შეუჩერა.
პროკურატურამ ბრალის წარდგენის შემდეგ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, სამივე პოლიციელის მიმართ არა პატიმრობა, არამედ 5-ათასლარიანი გირაო მოითხოვა. სასამართლომ პოლიციელების თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე მიიღო.
საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
16-17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარ ავარიას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.