დენი შეიძლება 2 თეთრით გაძვირდეს – რას აცხადებენ “თელასში”?

ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას დენის გადასახადი მინიმუმ, 2 თეთრით გაუძვირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ირწმუნებიან, რომ გაძვირება არ იგეგმება, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება სხვა არჩევანს არ ტოვებს. კომუნალური გადასახადების გაძვირების მოლოდინშია ენერგეტიკოსი გია არაბიძეც.
“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ფაქტობრივად, მოკვდება ენერგოკომპანია, თუკი ტარიფს არ გადახედავს. ჩემი აზრით, აუცილებლად შეიტანენ განაცხადს გაძვირებასთან დაკავშირებით. ამაზე ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ კულუარებში აქტიურად მიდის მსჯელობა. შეიძლება, მხოლოდ კურსი არ იყოს მიზეზი, კომპლექსურად სხვა საკითხიც გამოჩნდეს, რომელიც ტარიფის გადახედვის წინაპირობა გახდება.
ძალიან მძიმე იქნება სემეკისათვის გაძვირების გადაწყვეტილება, მაგრამ შენარჩუნებაც უფრო მძიმე შეიძლება იყოს. თავდაპირველად, როცა კომუნალური გადასახადი 2,30-იან ნიშნულზე იყო დაანგარიშებული, გაჩნდა ჩანაწერიც, რომ 10%-იანი სხვაობის შემთხვევაში, ტარიფის გადახედვას მოახდენდნენ. ამჟამინდელი გადასახადი თუ შენარჩუნდა, ეს იქნება ხელოვნურად გაჩერებული.
ენერგოკომპანიების განაცხადებს არ ვიცნობ და მიჭირს თქმა, რამდენით შეიძლება მოიმატოს ტარიფმა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ცვლილება 2 თეთრზე ნაკლები არ იქნება”, – აცხადებს გია არაბიძე.
სემეკის ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გივი სანიკიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც გულისხმობს, რომ კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მოხდება ყველა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. ასევე გამოცხადებულია კომისიაში წარსადგენი წინადადებების ბოლო ვადა. “თელასში” კი ამბობენ, რომ ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია 31 დეკემბრამდე გამოაცხადებს.

 

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშიგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატია„საქართველოს ბანკი” და „თიბისი ბანკი” მიხეილ დუნდუას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ