დეკანოზი კახაბერი : ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის საქმიანობაში მე ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ

ქალბატონ შორენას საქმიანობაში მე ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს ან არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლესი იერარქიების მხრიდან.
რაც შეეხება ფაქტს, როდესაც ერთმა სასულიერო პირმა მეორეს „მწვალებელი“ უწოდა, დეკანოზ კახაბერის მოსაზრებით, ასეთი ბრალდება არ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს წაუყენოს.

„ეს უნდა იყოს კრებითი გადაწყვეტილება და კერძო პირს ასეთი გადაწყვეტილების უფლება არ აქვს, რომ ვიღაცას უწოდოს მწვალებელი ან ეკლესიის მტერი. შესაბამისად, ამაზე იმსჯელებენ შესაბამისი სამსახურები. არსებობს საღვთისმეტყველო კომისია და ისინი გააკეთებენ ამის შესახებ დასკვნას. ჩვენ გვაქვს სახარებისეული სწავლება, როდესაც თუკი ადამიანს რამე შეეშლება დოგმატურ საკითხში, როგორ უნდა მოხდეს მისი მხილება და როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანისთვის შენიშვნის მიცემა იქნება თუ სხვა უფრო დიდი სასჯელის მიცემა. ჩვენ მხოლოდ ვარაუდებზე ვლაპარაკობთ, როდესაც კომისია შეიკრიბება, კომისია დადებს დასკვნებს“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგების დროს, მღვდლებს – მამა თეოდორე გიგნაძეს და მამა ალექსანდრე გალდავას, “ეკლესიის მტრები” უწოდა და “მწვალებლურ გამონათქვამებში” დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიმინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს “ბალასტი“ არ უნდა უწოდოს-კახიძე
შემდეგი სტატიაოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელსაც შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება, სახელმწიფო მისცემს კომპენსაციას-ირაკლი სესიაშვილი