დედის მკვლელობა შვილების თვალწინ რომ სიურპრიზი ჰგონია, ეს ნორმალური ფაქტია?!

„ეს ის ხალხი არაა, რომლებიც 7-8 წლის წინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ციხეები სავსეა პატიმრებით?!“ – ასეთია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი მმართველი გუნდის კრიტიკაზე, რომელმაც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების გამო, გიორგი მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ახლა ეს ადამიანები გამოდიან და პატიმრების შეწყალებას აპროტესტებენ.

გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა 2 წლის წინ 6 თვე ჩამოაკლო პატიმარს, რომელიც გამოვიდა და შემდეგ ჩაიდინა მკვლელობა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს ის რომ არ შეეწყალებინა, ის მაინც მალე დატოვებდა საპყრობილეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ უცნაურია, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს მაშინ, როდესაც მკვლელობამდე 2 საათით ადრე ითხოვდა მოკლული დახმარებას და პოლიციამ ვერ იმოქმედა.

აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად შეწყალების კომისიის მუშაობის დახვეწაზე ემუშავა მესამე სექტორთან ერთად.

აბაშიშვილი აცხადებს, რომ საპასუხოდ პრეზიდენტმა მიიღო სრული აგრესია და ამორალურია პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხზე სპეკულირება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმატებულად თანამშრომლობენ ევროპული საქართველო და მმართველი გუნდი.

“ქართული ოცნება და ევროპული საქართველო არის ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ამ მკვლელობის გარდა, კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს ქვეყანა.

„დედის მკვლელობა შვილების თვალწინ რომ სიურპრიზი ჰგონია, ეს ნორმალური ფაქტია?“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა “აბსურდის თეატრი” უწოდა იმ შეფასებებს, რომელიც მომხდარ ფაქტს პოლიტიკოსების მხრიდან მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტზე თავდასხმები გაგრძელდება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, დავაანონსებ, რომ, ალბათ, ეს ბოლო შემთხვევაც არ არის. ახლა მარგველაშვილის პიროვნება რომ მიუღებელია ამ პატივცემულებისთვის ეს ახალი ამბავი არ არის,“ – განაცხადა აბაშიშვილმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მარგველაშვილზე შეტევა წინასაარჩევნო კამპანიას, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ჯერ პრეზიდენტს არ უთქვამს, იქნება თუ არა ის საერთოდ კანდიდატი და მმართველ გუნდს ურჩევნია, დაჯდეს და შეჯერდეს საკუთარ კანდიდატზე.

„ვინ იქნება მათი კონკურენტი, რა მნიშვნელობა აქვს, ხომ ძალიან მაგრები არიან?!“ -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

https://youtu.be/Q-BBWNK9hx8

 

 

banner
წინა სტატიაში“არ გაიქცე!” – მწვავე დაპირისპირება ლევან სამუშიასა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის(VIDEO)
შემდეგი სტატიაბატონი აბაშიშვილი არის მენტალური ქოცი