,,დაზარალებულებს შევთავაზეთ გამოსავალი, ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა”

დაზარალებულებს შევთავაზეთ გამოსავალი, ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა ამ გამოსავალს დათანხმდნენ, – ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, M2-ის შეთავაზება ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობაა.

“ჯერჯერობით არანაირ პოზიციაზე არ შევთანხმებულვართ. დაზარალებულებს შევთავაზეთ გამოსავალი. ახლა მათი გადასაწყვეტია თანახმა არიან თუ არა. ასეთი ჩიხური მდგომარეობიდან ეს ერთადერთი გამოსავალია. ამ მომენტში უკეთესს ვერც ერთ მხარეს ვერ შევთავაზებთ.
კომპანია, რომელიც იყიდის ”ცენტრ-პოინტს”, რა თქმა უნდა გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდეს. მაგრამ, პირველ რიგში თავად დაზარალებულებმა უნდა გამოთქვან სურვილი მოლაპარაკებების გაგრძელების”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, მისი თქმით, თუ ეს გარიგება დაიდება, შემდეგ უკვე გაფორმდება საპროცესო შეთანხმება.

თბილისის პროკურატურაში, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების, M2 -ის, “ცენტრ პოინტისა“ და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შეხვედრაზე M2-მა გააკეთა პრეზენტაცია, თუ როგორ მოხდება დაზარალებულების დაკმაყოფილება კომპანიის მიერ „ცენტრ პოინტის“ აქტივების ყიდვისა და ვალდებულებების გადაბარების შემთხვევაში.

„2020 წლისთვის, სავარაუდოდ, ყველა ობიექტი დასრულდება. ამ ხელშეკრულებების ცვლილებები ჩვენთვის მტკივნეულია, რადგან ხელშეკრულებები თეთრ კარკასზე გვქონდა, ახლა კი გვათავაზობენ შავ კარკასს. თუმცა, მთლიანობაში შემოთავაზება, სავარაუდოდ, მისაღები იქნება, რადგან ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რაც შეეხება საპროცესო გარიგების გაფორმებას, ამის სასტიკად წინააღმდეგი ვართ. მათ ვინც 320 მილიონი მიითვისა და გაფლანგა, ერთი წელიც არ უნდათ ციხეში ჯდომა. სანამ არ დასრულდება მშენებლობები, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ“, – განაცხადეს დაზარალებულებმა.

banner
წინა სტატიაში,,ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე მივაწოდეთ ინფორმაცია”
შემდეგი სტატიასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას