დავით ზალკალიანი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა არ ექნება

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციულ მცდელობად აფასებს. ასე ეხმაურება დავით ზალკალიანი ლეონიდ თიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი აგვისტომდე გაიმართება.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა. მსგავსი სახის მოწოდებები ჩვენ არა ერთხელ გვსმენია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად კიდევ ერთხელ გაისმა მსგავსი სახის მოწოდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროვოკაციული მცდელობა რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის მცდელობა მცოცხავი ანექსიის გაგრძელების და ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება ის, რომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღიკვეთოს ეს ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცახადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე საქმის კურსში არიან. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ოფიციალურ თბილისს ძალიან სერიოზული კომუნიკაცია ექნება.

ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნებას” სურვილი აქვს, საარჩევნო თარიღებით მანიპულირება მოახერხოს
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გლდანში ოფშორული ზონის მოწყობას აპირებს