დავით უსუფაშვილის ბრიფინგი კონსტიტუციურ პროცესში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე

მიმდინარე კონსტიტუციური პროცესიდან ჩვენ გვემუქრება საზოგადოების დიდი ნაწილის გაუცხოება სახელმწიფოს უმთავრესი სამართლებრივ-პოლიტიკური ფუნდამენტისადმი და ქვეყნისათვის სახიფათო უფსკრულის გაჩენა მმართველ ძალასა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ამის დაშვება არ შეიძლება, ასე ჩვენ ვანგრევთ და არ ვაშენებთ.
პრეზიდენტის ვეტო, რომელიც გაზიარებული იქნებოდა უმრავლესობის მიერ, არის ბოლო შანსი ყველაზე უარესის თავიდან ასაცილებლად და პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ ფორმატში გასაგრძელებლად. ამისათვის აუცილებელია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ისე, რომ ყველას პრინციპული პოზიცია იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ ყველა მზად იყოს მცირე დათმობისთვის. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე მე თავს ვიკავებდი პროცესის დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან.
საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან, გამოიკვეთა შესაძლო შეთანხმების 5 პუნქტიანი ფორმულა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე საუბარი მქონდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერებთან, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორის წევრებთან, აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან.
ინიციატივა მიეწოდა ვენეციის კომისიას, რომელმაც მთლიანად გაიზიარა იგი და საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა. ვენეციის კომისიის აზრით, ეს არის კონსტიტუციურ პროცესში კონსენსუსის მიღწევის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ფორმულა და იგი მხარეებს მოუწოდებს ამ საკითხზე შეთანხმებისკენ. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს მსჯელობა ვენეციაში.
ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული და მხარეებისთვის შეთანხმებისთვის შეთავაზებული მოდელი შედგება შემდეგი პუნქტებისგან:
1. საარჩევნო ბლოკების დაშვება;
2. ბონუსის გაუქმება;
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატი აღმასრულებელი ორგანოების სისტემაშია;
4. პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩეული პარლამენტი დაადასტურებს მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებას;
5. მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის შემოფარგვლა პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე ზოგადი მითითებით, ხოლო სისტემის სხვადასხვა ვარიანტზე დიალოგის გაგრძელება საარჩევნო კოდექსის დონეზე.
წინადადებათა ამ პაკეტზე შეთანხმების შემთხვევაში, რომელიც, ცხადია, შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს და დაზუსტდეს:
• დაკმაყოფილდება უმრავლესობის მიმართვა პრეზიდენტისადმი ვეტოში ბლოკების და ბონუსის საკითხის ასახვის შესახებ;
• შენარჩუნდება დე-ფაქტო ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მუდმივმოქმედი ორგანო – უშიშროების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატის საქმიანობას გაუძღვება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური – პრემიერ-მინისტრი და მისი ადმინისტრაცია;
• საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე საზოგადოებაში არსებული განწყობები უფრო მკაფიოდ გამოვლინდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალები აღჭურვილნი იქნებიან მეტი სახალხო ლეგიტიმაციით;
• რადგან მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სისტემაში მაჟორიტარული ელემენტის შენარჩუნება მმართველი ძალისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხად იქცა, შემოთავაზებული ჩანაწერი მას აძლევს საამისო გარანტიას, მაგრამ ასევე ხსნის გზას, საბოლოო ჯამში, ყველასგან დაწუნებული არსებული მოდელის გაუმჯობესებისთვის. შერეული სისტემის გაუმჯობესების ვარიანტები კი მრავლად მოიძებნება სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
ჯამში, ეს პაკეტი მოგვცემს პოლიტიკური პროცესის გაგრძელების საშუალებას და თავიდან აგვაცილებს საპარლამენტო არჩევნებამდე 3 წლით ადრე უკიდურესად სახიფათო ხისტ რელსებზე გადასვლას.
გადაწყვეტილებები ორ დღეშია მისაღები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტი თავიდანვე დადებითად იყო განწყობილი აღნიშნული მიმართულებით მცდელობისადმი და აგრძელებს აუცილებელ კონსულტაციებს პოლიტიკურ სპექტრთან. იმედია, მმართველი გუნდის წარმომადგენელებიც ყურადღებით მოეკიდებიან ვენეციის კომისიის და მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს.

banner
წინა სტატიაშიბანკის ვალის გამო გორში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიაზუგდიდში ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა