დავით უსუფაშვილი: ველოდები, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის საკითხზე ერთიანობა შენარჩუნებული იქნება

კონსტიტუციაში ჩანაწერის მხარდაჭერის სანაცვლოდ არაფერს არ ვითხოვ. ველოდები, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის საკითხზე ერთიანობა შენარჩუნებული იქნება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების კითხვას „ცენტრისტებისთვის“ რეგისტრაციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხომ არ ელოდება „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარ ინიციატივაზე მხარდაჭერას.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

„მე ველი იმას, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის საკითხზე, ის ერთიანობა, რომელიც არის მიღწეული, იქნება შენარჩუნებული, გაგრძელებული და განვრცობილი საკონსტიტუციო ჩანაწერის სახითაც. დიახ, დღეს არის საჭირო, როდესაც ვხედავთ მომრავლებას ამ ტიპის იდეების. იქნება ეს ბლოკი თუ უბლოკო, არ ვიცი, პენსია რუსული თუ სხვა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ყველა პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო რეჟიმშია, მაგრამ ეს არ ცვლის ქვეყნის მომავალზე ზრუნვის აუცილებლობას.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეგვიძლია ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი გავლა-გამოვლა, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, თუ სხვა პოლიტიკური ლიდერის, ავხნათ წინასაარჩევნო კამპანიით. წინასაარჩევნო კამპანია რა არის, ეს არ არის მნიშვნელოვანი საერთო ეროვნული ღონისძიება, სადაც დიახაც, ყველაზე უფრო მკაფიოდ, ნათლად უნდა გამოიკვეთოს პოზიციები. ამ პოზიციების გამოკვეთაში, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ ჩვენი განსხვავებებიც და უნდა ვაჩვენოთ ერთიანობაც იმ საკითხებშიც, რომელიც ეხება სრულიად საქართველოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ სვამს კითხვის ნიშანს იმის თაობაზე, არის თუ არა წინასაარჩევნო ტრიუკი პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

„მე მჯერა, რომ იმ ხალხს, ვინც ხელს მოაწერს დოკუმენტს, მართლა უნდა, რომ საქართველოში არ ასებობდნენ ისეთი პარტიები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას უქმნიან საფრთხეს. მინდა მჯეროდეს, რომ ადამაინები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ღიად და გულწრფელად, მხარს უჭერენ იმას, რაც მოგსხსენეთ. მზად ვარ, მხარი დავუჭირო იმ სარჩელს, რომელსაც შეიტანს „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნებიდან“ თბილისში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: შეხვედრა “უწმინდურები უწმინდესთან”