დავით უსუფაშვილი : საქართველოში მომძლავრდნენ პრორუსული ძალები, მათ შორის ბურჯანაძე და მისი გუნდი

ჩვენი კულტურულ-სახელმწიფოებრივი საარსებო გარემო არის ევროპული მიმართულება და კონსტიტუციის პრეამბულაში ეს, როგორც გაცხადებული პრინციპი ჩავწეროთ, ეს არის ჩვენი ინიციატივა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი ინიციატივა ეხება თემას, რომლის თაობაზე ამ პარლამენტში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, ერთი-ორი პარტიის გამოკლებით ერთად მოვაწერეთ ხელი. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი. ჩემი წინადადებაა, საქართველოს მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, პოლიტიკური პარტიები, დიახ მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ პერიოდში მომძლავრდნენ პრორუსული ძალები, მათ შორის ბურჯანაძე და მისი გუნდი, რომლებიც სრულიად ღიად და ცალსახად გვეუბნებიან – საქართველოში არ შემოვუშვათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მხარდამჭერი ქვეყნების სამხედრო ძალები, თუ ინფრასტრუქტურა, გავუხსნათ გზა და დავუტოვოთ ეს ყველაფერი რუსეთს ექსკლუზიურად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი ინიციატივა, არის შეთავაზება მათთვის, ვინც მხარ უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

“გადავდგათ კიდევ ერთი, ლოგიკური ნაბიჯი და საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩავწეროთ, რომ ჩვენი ნებაა, დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. ეს არის ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზეც, ნატო-ს წევრიბაზეც, ეუთო-ს წევრობაზეც, ევროსაბჭოს წევრობაზეც და სხვა იმ სტრუქტურებში ინტეგრირებაზეც, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის თვალსაწიერი მომავლისთვის და კონსტიტუციები იწერება თვალსაწიერი მომავლისთვის. სამწუხაროდ, აქ ჩვენ ვერ მივუთითებთ ინდო-ევროპულ მიმართულებას ან წყნარი ოკეანის მიმართულებას, რადგან დემოკრატიული სისტემა დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის სწორედ ევროატლანიკური მიმართულება. ჩვენი კულტურულ-სახელმწიფოებრივი საარსებო გარემო, ეს არის ევროპული მიმართულება და პრეამბულაში ეს, როგორც გაცხადებული პრინციპი ჩავწეროთ, ეს არის ჩვენი ინიციატივა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიოში, სპეკულაციის გამო, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატია“სუს-ის ზეწოლა და გადაკეტილი ფინანსური რესურსები” – ბურჭულაძის პარტიის საგანგებო ბრიფინგი