დავით უსუფაშვილი “მრეწველებთან” დაპირისპირებაზე – ამ პრობლემას ადეკვატურად მოევლება

ყოველგვარი მცდელობა, რომ საკითხი დაყვანილი იქნას “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა “რესპუბლიკელები” პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კოალიციის წევრებს, მათ შორის, “რესპუბლიკელებს”გიორგი კვირიკაშვილთან ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა აქვთ, რომელიც გაგრძელდება.

“რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რომელიც რამდენიმე დღეა გარკვეული ყურადღების ცენტრშია. მე მინდა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, რომ ყოველგვარი მცდელობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, რომ საკითხი დაყვანილი იქნეს “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი იმიტომ, რომ აქ არ არის საუბარი “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის პრობლემაზე, აქ საუბარია ჩვენი მხრიდან იმ საკითხზე, რომელიც ეხება კოალიციის, ქვეყნის, ხელისუფლების საკითხებს, ჩვენს მომავალს და აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულნი. ჩვენ ვიქნებით ერთგულნი კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტების, ჩვენი გაცხადებული პრინციპებისა და პრიორიტეტების ყველა საკითხში – იქნება ეს საგარეო ორიენტაციის საკითხები თუ იმ ტიპის თემები, თუ ვინ არის ეროვნული გმირი და ვის ნაბიჯებს უნდა გაჰყვეს ქართველი ხალხი ისტორიული წარსულიდან. ასე რომ, ეს საკითხები არის არასასურველი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის გარდაუვალი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ საუბარი არ არის “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის პრობლემაზე.
“თუ ვინმე შეგნებულად ცდილობს, რომ ასე წარმოაჩინოს ან შესაძლოა კარგად ვერ იაზრებს და ასე გამოსდის, მე ყველას მივმართავ და ვთხოვ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს. ეს არის ქვეყნის თემა, ხელისუფლების თემა, კოალიციის თემა და ადეკვატურად მოევლება ყველა ამ პრობლემას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გოგი თოფაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის საქართველოს პარლამენტს და კოალიციაში პოლიტიკურად აქტიურ პოზიციებს დატოვებდა.

“ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ, ვიდრე რეალობაში ბოლო საკითხები გაჩნდებოდა. ასე რომ, ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი თემა. ეს არ არის “რესპუბლიკელებისა” და “მრეწველების” პრობლემა. აქ იყო საკითხები, რომლის თაობაზეც ახლო წარსულში გოგი თოფაძესთან საუბარი ჰქონდა ძალიან ბევრს და არა იმდენად “რესპუბლიკელებს” და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, შესრულდება და ამ შემთხვევაშიც კოალიციაც, ხელისუფლებაც და ქვეყანაც გააგრძელებს ნორმალურ რიტმში საქმიანობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიათბილისში, 17 ქუჩაზე, საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება