დავით უსუფაშვილი: დღეს ბევრი სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გამოვძებნეთ “გაზპრომი”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს “გაზპრომთან” ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა და ხელშეკრულებიც ფორმდებოდა. დავით უსუფაშვილისთვის გაუგებარია, თუ რა პრობლემაა ის ფაქტი, რომ საქართველო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო “გაზპრომიდან” ბუნებრივ აირს 2007-დან 2011 წლის ჩათვლით იღებდა და ამ პერიოდის განმავლობაში, გაზი არავის ჩაუკეტავს და არც არავის უთქვამს, რომ ეს იმდენად ბევრია, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას.

“დღეს ბევრი სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გამოვძებნეთ “გაზპრომი” და მასთან მოლაპარაკებები ახლა გავმართეთ. “გაზპრომი” ამ წლების განმავლობაში მუდმივად იყო ხელშეკრულებით ურთიერთობაში, რომელსაც პირობები და ვადები გააჩნია. მოლაპარაკების ფაქტში რა სიახლე და პრობლემაა, მე არ მესმის. რაც შეეხება მოლაპარაკების შედეგებს, ამის თაობაზე დღეს ენერგეტიკის მინისტრმა განცხადება გააკეთა. მან განმარტა, რას შეეხება ეს ყველაფერი. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, ეს კითხვები უნდა დაისვას. დარწმუნებული ვარ მინისტრი დაწვრილებით გასცემს პასუხს ამ კითხვებს. რუსეთიდან ამ გაზსადენით საქართველო ყოველთვის იღებდა გაზს. ეს არ არის ახალი გაზი, აქ შესაძლოა იყოს ცოტა მეტი ან ნაკლები ბუნებრივი აირი, მაგრამ რუსეთიდან გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით და არცერთ ექსპერტს, ჟურნალისტს, წინა ხელისუფლების წარმომადგენელს, არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსული გაზი არ უნდა მიგვეღო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც და ზეგაც. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იყო და დარჩება აზერბაიჯანი. რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ეს თურქეთი ან ირანი, ეს შესაძლებლობები, ვარიანტები, საქართველოს უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიფამ გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიამოსკოველმა პოლიციელმა იჩივლა, რომ პროსტიტუტებმა გააუპატიურეს