დავით უსუფაშვილი: დემოკრატიას შეჩერების საფრთხე დაემუქრება, თუ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი არ იქნება

“ვარდების რევოლუციის” მონაპოვარი შეეწირა არასწორ მიმართულებას, რომ მოდი, ჯერ ქვეყანა სხვანაირად განვავითაროთ, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები მოიცდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება ევროატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

„სხდომაზე ვისაუბრებთ შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, იმ ყველაფერზე, რასაც საქართველომ მაღწია ნატო-სთან ინტეგრაციით, რაც უნდა გამოვიყენოთ ძალიან ეფექტურად ჩვენი ქვეყნის დასაცავად. დღევანდელ კონფერენციაზე ვსაუბრობდით დემოკრატიზაციის პროცესის შუქ-ჩრდილებზე საქართველოში. მე აღვნიშნე, რომ საქართველო ჩანს ძალიან წარმატებულ ქვეყნად. როდესაც მას უყურებ ევროპიდან და ჩვენს ზურგს უკან არის რუსეთი, ცენტრალური აზია, სხვა ქვეყნები, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი გასაკეთებელი, თუ ჩვენსავე თავს შევხედავთ აღმოსავლეთიდან და ჩვენს უკან დავინახავთ ევროპას და განვითარებულ მსოფლიოს. დემოკრატიზაციის პროცესის შეჩერება არ არის სწორი არც ერთი არგუმენტით. 90-იანი წლების დასაწყისში იყო დებატები, ჯერ დამოუკიდებლობა, თუ ჯერ დემოკრატია, ამ დებატებმა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყანა, სამოქალაქო ომამდე. მერე იყო სხვა ტიპის დებატები, მოდერნიზაცია, თუ დემოკრატია, “ვარდების რევოლუციის” მონაპოვარი შეეწირა ამ არასწორ მიმართულებას, რომ მოდი ჯერ ქვეყანა სხვანაირად განვავითაროთ, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები მოიცდის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დემოკრატიზაციის შეჩერება არ უნდა მოხდეს.

„ეკონომიკა გვაქვს ასაღორძინებელი ან სხვა რამ გვჭირდება. მრავალპარტიულ, თავისუფალ პოლიტიკურ პროცესს არ აქვს ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის შეჩერების საფრთხე დაემუქრება, თუ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი არ იქნება.

„დემოკრატიას საფრთხე დაემუქრება, თუ საქართველოში არ გვექნება ის ვითარება, როდესაც ხელისუფლების სათავეში არიან პოლიტიკური გუნდები. თუ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ხელისუფლებაში არიან მონდომებული, გულანთებული ადამიანები, მაგრამ არა პოლიტიკური გუნდები პოლიტიკური მსოფლმხედველობით და იდეებით, მაშინ ჩვენ გვექნება ეს საფრთხე“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობაში” გაუმკლავდებიან ისეთ უპასუხისმგებლო ადამიანს, როგორიც სააკაშვილია”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია