დავით თევზაძე: თუ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ მან გაწვევა გააუქმა, ეს მოსახლეობის მოტყუებაა

თუ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ მან გაწვევა გააუქმა, ეს მოსახლეობის მოტყუებაა, რადგან ქალბატონი ხიდაშელი გაწვევას ვერანაირად ვერ გააუქმებდა, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა. 

“გაწვევა კანონმდებლობით რეგულირდება და თავდაცვის მინისტრის ვერცერთი ბრძანება ამ კანონმდებლობას ვერ გააუქმებს. ბრძანების მიხედვით, შეიარაღებული ძალები საშემოდგომო გაწვევაზე, ამ გზით ახალი კონტიგენტით შევსებაზე უარს ამბობს, რასაც არანაირი სპეციალური ბრძანება არ სჭირდება. ამიტომ, თავდაცვის მინისტრის ბრძანება უშინაარსოა და ფორმა, რომელიც მან საკითხის დეკლარირებისთვის აირჩია, პიარის ელემენტს მეტს შეიცავდა, ვიდრე – საქმეს”, – განაცხადა თევძაძემ.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ვარშავის სამიტზე აპელირება მიუღებელია.

“თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და ტელეკამერების წინ ბრძანებას ხელი მოაწერა. არ ვიცი, ასე რომელ ქვეყანაში ხდება?! ანუ, საქმე გვაქვს დემარშთან. აპელირება იმაზე, რომ 2 კვირაში არის სამიტი, რომელსაც უნდა დაესწროს, ჩემთვის მიუღებელია. თავდაცვის მინისტრმა შესაძლოა, ვარშავის სამიტზეც ასეთივე დემარში განახორციელოს, რასაც ჩვენი სახელმწიფოსთვის გაცილებით მძიმე შედეგი ექნება”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შინაარსი საკამათოა.

“რაც შეეხება შინაარსს, ეს საკამათოა. ამას, ყოველგვარი პიარის გარეშე, სერიოზული პროფესიონალების ერთად დასხდომა, აზრთა გაცვლა და გარკვეულ აზრამდე მისვლა სჭირდება, რაც შესაძლოა, ქვეყნის სამხედრო მოწყობის ხედვას საფუძვლად დაედოს. შემდეგ, ამ ხედვამ კანონის სახე უნდა მიიღოს და სახელმწიფოს რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

მისი თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს, რაც უნდა გამოსწორდეს.

“ეს სისტემა 2005 წლიდან დამახინჯდა და ამის შემდეგ, მის გასასწორებლად ნაბიჯი არავის გადაუდგამს. ის, რომ გაწვეულებს რეალურად არ ამზადებენ, ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში საბრძოლო მომზადებას სწორად ვერ გეგმავენ, ან უბრალოდ, არ იციან, რა გააკეთონ. მათი ლოგიკა ასეთია – მე ვერ ვაკეთებ და მოდით, საერთოდ ნუ გავაკეთებთ. იმის გამო, რომ სისტემა ხარვეზიანია, სისტემა კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ ხარვეზი უნდა გასწორდეს”, – განაცხადა თევზაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებს 25 წლისთავზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე – მაშინ, როცა სახელმწიფო ჯარს ვერ ინახავდა.

“ადამიანებმა თავიანთ თავმოყვარეობასა და ამბიციას უნდა გადააბიჯონ, რამდენიმე პროფესიონალს სთხოვონ და საბრძოლო მოქმედებების ის გეგმები შეამოწმებინონ, რომელსაც წელიწადში ორჯერ ამტკიცებენ. საერთოდ კი, ადამიანები თანამდებობებზე ნათესაობის თუ ერთგულების ნიშნით არ უნდა ინიშნებოდნენ. შეიარაღებულ ძალებს 25 წლისთავზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე – მაშინ, როცა სახელმწიფო ჯარს ვერ ინახავდა. ეს არაკომპეტენტურობის ბრალია”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიvideo აფეთქება სტამბოლის აეროპორტში
შემდეგი სტატიაქედაში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო