დავით სერგეენკო : კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსის გამავრცელებელ კოღოსთან კავშირში არ არის

კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკასთან ნამდვილად არ არის კავშირში, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე.

„ამ შემთხვევაში, ეს ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება ზიკას, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება. კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკასთან ნამდვილად არ არის კავშირში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს.

სამინისტრომ და „საქართველოს მეთევზეთა კლუბმა“, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად, თბილისსა და მის ახლოს არსებულ ტბორებში ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიადიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს