დავით საყვარელიძე: სააკაშვილი იქნება ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეოლოგი

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“მიხეილ სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად. ის იქნება ერთ-ერთი იდეოლოგი და “დრაივერი” ამ ახალი პარტიის,” – განუცხადა ჟურნალისტებს საყვარელიძემ.

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის უმაღლესი რადას მოქმედ დეპუტატებთან, სერგეი ლეშენკოსთან და მუსტაფა ნაიემომთან.

საყვარელიძის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად პარტია “ნულიდან შეიქმნება”.

“ვფიქრობ, იქნება სრულიად ახალი პარტია. ის შეიქმნება ნულიდან. არაფერის გადაკეთება და სახელის შეცვლა არ მოგვიწევს,” – განაცხადა საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 2016 წლის მარტში ქვეყნის ახალმა გენერალურმა პროკურორმა გაათავისუფლა. მაშინ საყვარელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ ის რევანშისტების ხელისუფლების დაბრუნებას ემსხვერპლა.

„სიმართლე გითხრათ, ამას მე ველოდებოდი. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის სათავეში იდგა უკრაინის გენერალური პროკურორი და, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ყოველთვის, რევანშისტებს აერთიანებთ საერთო მიზანი – გააჩერონ პროგრესი, შეაჩერონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ხალხის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდება რევანშისტების მიერ უკრაინაში ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ მაიდანი, ამდენი დაღუპულის სიცოცხლე, ამდენი მებრძოლის დაკარგული სიცოცხლე აღმოსავლეთში, ამდენი გაჭირვებული ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი განცდები არის ფუჭი,“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ამავე ინტერვიუში საყვარელძემ უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაც დაანონსა.

banner
წინა სტატიაშიმაისის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა 22-28 გრადუსი იქნება
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტოს დაადებს