დავით ონოფრიშვილი ამომრჩევლებს მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი დავით ონოფრიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, მიუღებელია ის არგუმენტები, რის გამოც საუბარია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაუჭირონ მხარი.

„ყველგან არის დარჩენილი ორი კანდიდატი. მე ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან მიუღებელია არგუმენტები, რის გამოც შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შესაძლოა, პოლიტიკადაც. ჩვენ გვყავს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, ის პოლიტიკაში ჩართვას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ ორპოლუსიანობა არჩია და ნაკლებად იყო მხარდაჭერილი მესამე ალტერნატიული ძალა „თავისუფალი დემოკრატები“. ჩვენ პარლამენტში საკმაოდ აქტიურები ვიყავით. მარტო მე 41 საკანონდებლო ინიციატივა მქონდა პარლამენტში, უმრავლესობა დამტკიცდა, მათ შორის ოპოზიციაში ყოფნისას. აქტიურები ვიყავით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 17 ნოემბრისთვის გადაიდო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს