დავით გოჩავა: Stadler KISS-ის შესყიდვის პროცედურაში ყველაფერი დარღვეულია

gochava „საქართველოს რკინიგზამ“ დღეს, 25 ივლისს, ორსართულიანი ელექტრომატარებელი Stadler KISS ექსპლუატაციაში გაუშვა. სხვადასხვა მიზეზებისა გამო ამ მატარებლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ამიტომ „თაიმერი“ ესაუბრა „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელს დავით გოჩავას.

 

  • ბატონო დავით, როგორც ცნობილია საქართველოს სარკინიგზო სისტემაში მოხდა ორსართულიანი ელექტრომატარებლის ექსპლუატაციაში გაშვება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?

 

  • შემსყიდველს, ანუ „საქართველოს რკინიგზას“ ხელშეკრულების მიხედვით არ აქვს მატარებლის ექსპლუატაციაში გაშვების უფლება „მიღება-ჩაბარების აქტის“ გაფორმებამდე. „მიღება-ჩაბარების აქტი“ არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებლის მიერ მატარებლის მიწოდებას, მატარებლის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან და დათქმებთან, მატარებლის წუნდებაზე გამოცდის (Burn In Test) წარმატებით დასრულებას და შემსყიდველის მიერ მატარებლის მიღებას. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით „წარმატებით დასრულება“ ნიშნავს ისეთ შემთხვევას, როცა „წუნდებაზე გამოცდის“ შედეგად არ იქნება აღმოჩენილი არანაირი „სერიოზული უწესივრობები“.

 

  • თქვენი აზრით, როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო მატარებლის გამოცდა?

 

  • მე საგამოცდო კომისიის წევრი არ ვარ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით გამოცდის შედეგების შესახებ; მე შემიძლია გითხრათ ერთი: მატარებელი არ არის საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან აბსოლუტურად თავსებადი, – ეს აშკარაა და ნათელი, მაგრამ ამის დაჯერება საზოგადოებას უჭირს!

 

  • რას გულისხმობთ?

 

  • Stadler KISS-ის შესყიდვის პროცედურაში, ცხადია, ყველაფერი დარღვეულია, მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი: სატენდერო მოთხოვნების დროს შედგა „ტექნიკური სპეციფიკაციები“, რომლის პუნქტი 1.2 სრულდება ერთი ძალიან საინტერესო აბზაცით: „ელექტრომატარებლის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მგზავრთა უსაფრთხო ჩასხდომას და გადმოსხდომას 1100 მმ სიმაღლის ბაქანზე, ლიანდაგის ცენტრიდან ბაქნის კიდემდე ჰორიზონტალურ დონეზე მანძილით – 1920 მმ. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაბალი ბაქნიდან (200 მმ) მგზავრთა უსაფრთხო ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ელექტრომატარებელზე შესაბამისი კონსტრუქციის შექმნა, ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში“. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები დარღვეულია თავიდან ბოლომდე!

 

  • ეს რას ნიშნავს?

 

  • მატარებელი საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან არ არის თავსებადი და მისი გაშვება ექსპლუატაციაში რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ჩვენი მაღალი ბაქნების სიმაღლე რელსის თავის ზედიდან არის 1100 მმ, დაბალი ბაქნების სიმაღლე – 200 მმ, ხოლო მატარებლის შესასვლელი კარის სიმაღლე გაკეთებულია 1285 მმ სიმაღლეზე. ისე, კომპანია Stadler როგორ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში, როცა ერთადერთი „ცვლილება“ უნდა გაეკეთებინა კონსტრუქციაში, და ისიც არ გააკეთა?!

 

  • რა უნდა გაკეთდეს?

 

  • არსებობს ორი გამოსავალი: პირველი, მატარებელმა უნდა შეასრულოს ის ფუნქცია, რისთვისაც რუსების შეკვეთით აშენდა – ის უნდა მოემსახუროს მგზავრებს აეროპორტიდან რკინიგზის ცენტრალურ სადგურამდე მხოლოდ; ან მეორე, კომპანიამ Stadler აუცილებელი ცვლილებები უნდა შეიტანოს მატარებლის კონსტრუქციაში ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რისიც ძალიან მეეჭვება.

 

  • და თუ ეს არ მოხდება?

 

  • თავი დავანებოთ იმას, რომ ამ პროცესში „საქართველოს რკინიგზამ“ სერიოზული შეცდომები დაუშვა, ვგულისხმობ გერმანელი ექსპერტების დადებით დასკვნასთან და კომპანია Stadler-ის განცხადებასთან დაკავშირებულ მომენტებს, რომელიც აღმოჩნდა რომ სრული სიცრუეა, – ორსართულიანი ელექტრომატარებლების ექსპლუატაცია საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის კუთხით მუდამ უმაღლესი დონის რისკის შემცველი იქნება – ამას დრო უსათუოდ დაადასტურებს!

 

მატარებელი KISS ევროპაში შეიქმნა რაც შეიძლება მეტი მგზავრის გადასაყვანად საქალაქო და საგარეუბნო რკინიგზით. ხოლო ის მოდელი, რომელიც „საქართველოს რკინიგზამ“ შეისყიდა, შეიქმნა რაც შეიძლება მეტი მგზავრის და თანმხლები ბარგის ტრანსპორტირებისათვის მოსკოვის ცენტრალური რკინიგზის სადგურებიდან საჰაერო კვანძის სამ აეროპორტამდე – დომოდედოვო, ვნუკოვო და შერემეტიევო. მატარებელი ასეთი გაბარიტების იმიტომ არის, რომ ერთდროულად შეძლოს 900-ზე მეტი მგზავრის, – და არა 400-ის -, გადაყვანა და მათი ბარგის გადაზიდვა.

 

ვფიქრობ, რომ ამის გაგება არ უნდა იყოს რთული. მატარებელი აშენებულია სხვა მიზნის, სხვა ამოცანის გადასაწყვეტად. იმ ამოცანას, იმ მიზანს, რაც „საქართველოს რკინიგზამ“ „დაისახა“, მატარებლის ეს მოდელი ხარისხიანად არ დააკმაყოფილებს; და როცა ამბობენ, რომ მატარებელი ძალიან იაფად მოგვცეს და მაგიტომ შევიძინეთო, – ეს არ არის მართალი, – აზერბაიჯანელებმაც თითქმის იგივე ფასში შეიძინეს!

 

თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს ერთად, მივხვდებით რომ ამ მატარებლების შეძენის პროცესში „საქართველოს რკინიგზის“ მამებს სხვა მიზანი ამოძრავებდათ,  მიზანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მგზავრთა მომსახურების ხარისხის ამაღლებათან, რკინიგზის ეფექტიან ექსპლუატაციასთან!

 

ნუ მიიღებთ ამას მატარებლის კრიტიკად! მე მატარებელს არ ვაკრიტიკებ – ის სუპერთანამედროვე მოძრავი შემადგენლობაა, მაგრამ სხვა ამოცანის გადასაწყვეტად არის აშენებული. მე ვაკრიტიკებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – ის არარაციონალური და არაეფექტური გადაწყვეტილებაა ყველა თვალსაზრისით.

 

 

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაში2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი 2 საათზე ბრიფინგს გამართავს