დავით გელაშვილი: თითქოს მეხანძრეებს წყალი და ქაფი არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის დავით გელაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეხანძრეებს რომლებიც ელიავას ბაზრობაზე ცეცხლს აქრობდნენ წყალი და ქაფი არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

გელაშვილის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლიდან ხუთ წუთში ადგილზე ორი სახანძრო გამოცხადდა.

მას შემდეგ კი, რაც უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადდა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე 30-მდე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.

„დაახლოებით საათნახევარში გვექნება საბოლოო შეჯამება.

გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს სახანძროს წყალი და ქაფი არ ჰქონდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მათი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები არის დილეტანტიზმი.

მუშაობდა 30-მდე სახანძრო. გამოყენებული იყო ათეულობით წყლის ლულა. არცერთი ლულა იმ მიზეზით, რომ წყალი არ ჰქონდა, არ გაჩერებულა.

ამ მომენტისთვის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მონაკვეთების დათვალიერება.

112-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება 21:16 საათზე შემოვიდა, პირველ ხუთ წუთში 2 სახანძრო იყო ადგილზე მობილიზებული. მას შემდეგ რაც უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადდა, ადგილზე მივიდა 30-მდე სახანძრო.

დაახლოებით 2000 კვმ ფართია დამწვარი. ხანძრის მიზეზს და ზარალის ოდენობას ჯერ ვერ გეტყვით“,- განაცხადა დავით გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: სასწრაფოდ მოკიდეთ ხელი და დაკითხეთ დიდუბის გამგებელი
შემდეგი სტატიაკონფედერაციის თასი გერმანიამ მოიგო