დავით გარეჯი – მონასტერი და საგუშაგო, ცხრა ბერი და ცხრა მეციხოვნე

დავით გარეჯი – მონასტერი და საგუშაგო, ცხრა ბერი და ცხრა მეციხოვნე
ცენტრალური გზიდან 65 კილომეტრი – დავით გარეჯი!
უდაბნო, რომელიც არის წალკოტი!
დავით გარეჯი – კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი.
ისტორიიდან: მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ – დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ – ნათლისმცემლი. დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის – ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის – დავით აღმაშენებლის ძემ – დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი“). XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები – უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი – წმიდა დავით აღმაშენებლისა – ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის – ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა – უდაბნოში. XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები. XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც. 1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს. XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები. XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.


მიუყვები ამ 65 კილომეტრს და თითოეული მტკაველი მიწა გახსენებს – ეს საქართველოა! გაივლი 65 კილომეტრს და ხედავ წითელ მთებს, მლაშე ტბას, ლოდებს, რომელიც მხოლოდ ლოდი არაა, ისტორიაა, წარსულია! მიხვალ მონასტერთან და გრძნობ – ეს არის ის, რასაც ქართული სული ჰქვია, ეს არის დავით გარეჯი – მონასტერიც და საქართველოს საზღვრის მცველიც!
დიახ, მესაზღვრე საზღვრისა და ადამიანის სულისა!
დიახ, ეს ასეა, ეს დავით გარეჯია!
დღეს აქ ცხრა ბერი მოღვაწეობს, ცხრა სასულიერო პირი, ცხრა მეციხოვნე, ცხრა ადამიანი, რომელთაც გადაარჩინეს გარეჯი.
დღეს აქ საქართველოს დარაჯობს ცხრა ბერი-მეციხოვნე და სვანები, უდაბნოში ჩამოსახლებულნი 90-იან წლებში.
დავით გარჯის მონასტრის წინამძღვარი დაახლოებით ერთი ათეული წელია, მამა ილარიონია. მამა ილარიონი 2011 წელს გავიცანი, მაშინ, როცა მხოლოდ მონასტერს კი არა, მთელს საქართველოს უჭირდა! მაშინ, როცა, მონასტრის და საქართველოს ბედი წყდებოდა! მაშინ, როცა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ავტომატით ხელში, იდგნენ და ბერებსაც კი არ უშვებდნენ ტაძარში, მომლოცველებზე არაფერს ვიტყვი. იმხანად ერთ მუჭად შეკრულმა ქართველობამ, ერმა და ბერმა, შესძლო და დავით გარეჯი საქართველოსთან ერთად გადაარჩინა!
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. წელს მეორედ ჩავედი გარეჯში. იქ შემთხვევით ვერ მოხვდები, არც მე მივსულვარ შემთხვევით. მეც ქართველი ვარ და მეც მაინტერესებდა გაკეთდა თუ არა რამე გარეჯში, როგორაა გარეჯი, როგორ არიან ბერები.


ცენტრალური გზიდან 65 კილომეტრის გავლას გაცილებით მეტი დრო მოვანდომე, ვიდრე საჭირო იყო, ვაჩერებდი მანქანას და ვიღებდი სურათებს – ბუნება, მეხამრიდი, წყლის მილები. მთელს გზაზე სამშენებლო მასალები ეწყო, ზოგან მილები, ზოგან ბულდოზერი მუშაობდა, ზოგან ცხვარი იყო მინდორზე მოფენილი. მესიამოვნა, „რაღაც“ კეთდება ჩვენი გარეჯისთვის და ეს „რაღაც“ სულაც არააა „რაღაც“, ეს არის წყალი, დენი. ვინმემ სეიძლება მითხრას, მერე რა წყალი, მერე რა დენი, ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვართ. მე არ ვიცი 21-ე საუკუნეზე რას იტყვიან თუნდაც 22-ე საუკუნეში, მაგრამ ჩვენთან, 21-ე საუკუნეში წყლის და დენის პრობლემა დგას. და, როცა 2011 წელს გარეჯის დამცველთა რიგში მეც ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს დაღლილ-დაქანცულს (სხვებთან ერთად მეც ფეხით ვიარე) ერთი ჭიქა წყალი, სამადლოდ რომ მომაწოდეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა ამქვეყნად. მაშინ წყალი დავით გარეჯში ონკანიდან არ მოდიოდა, მაშინ ბერები ხალხს, ჩემსავით გადაქანცულს, „დავითის ცრემლებით“ გაუმასპინძლდა.
წინამძღვრის კურთხევით ინტერვიუს ჩაწერაზე მამა კირიონი დამთანხმდა. ჩვენ ვისხედით მაგიდასთან, რომელზედაც სახელდახელო სუფრა გაშალეს ბერებმა. პური, ბერების ამოყვანილი უგემრიელესი ყველი (ორი სახეობისა), ჩაი, პეჩენიები და ბერებისავე დაყენებული უგემრიელესი მაწონი, კამეჩის რძისაგან დამზადებული. აი, ისეთი, ჩვენთან რომ ამბობენ – დანით უნდა გაჭრაო.
მამა კირიონმა საუბარი „შორიდან“, გარეჯის მონასტრის აღდგენითი სამუშაოებიდან დაიწყო:


_ ისტორია არის ასეთი: გარეჯის პროექტის განხორციელება არის ნიკა ვაჩეიშვილის დამსახურება. მაშინ ხელისუფლებაში არ იყო სურვილი გარეჯში სამუშაოები ჩაეტარებინათ. კახეთის პროექტის განხორციელება ადეიშვილის მხრიდან მოხდა, გაკეთდა თელავი, გურჯაანი, ახმეტა. გარეჯი, რომელიც მთავარ სამარშრუტო გზასაა აცდენილი, არ არის მნიშვნელოვანიო, – ამბობდნენ. ნიკას პოზიცია იყო ასეთი: გარეჯში ბევრი ტურისტი მიდის, აქტუალურია და საჭიროა გარეჯის ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საქმის კეთება დაიწყო მონასტრის გარე პერიმეტრის მოწესრიგებით, პირველ რიგში გაკეთდა მანქანების გაჩერების ადგილი. გარეთ თქვენ ნახეთ ნაგებობა, სადაც ადრე იყო ქარვასლა. ადრეულ პერიოდში აქ მოდიოდნენ ვაჭრები, სადაც მონასტრისთვის საჭირო და აუცილებელ ნივთების შეძენა იყო შესაძლებელი. ამ შენობაში მუზეუმის მოწყობა იყო დაგეგმილი.
_ მაგრამ არ გაკეთდა.
_ მოგეხსენებათ გარეჯი იყო მეფეთა მონასტერი და მონასტერს არასდროს უჭირდა ამ დროს. აქ არის სიგელები, გუჯარები. რაც კახეთის არქეოლოგიას გააჩნია ნიმუშები, მაგრამ არ გამოფენს, ნიკა ვაჩეიშვილის მხრიდან ამ ნიმუშების აქ გამოფენაზე იყო საუბარი, მაგრამ მუზეუმის მოწყობა არ იდო მუნიციპალური განვითარების პროექტის ფინანსურ მხარეში, ამიტომ ნიკას სურვილის მიუხედავად, არ გაკეთდა. პროექტი ავითარებდა მუნიციპალიტეტში კომუნიკაციებს. ანუ, აქ ტურისტი რომ ამოვიდოდა, უნდა ყოფილიყო გზა, ტუალეტი, შუქი, წყალი. ნიკა ვაჩეიშვილი ამბობდა, რომ ინფრასტრუქტურა რომ გაკეთდება, შემდეგ მოვითხოვ დამატებით სახსრებს და მუზეუმიც, წყალიც და შუქიც, გაკეთდებაო. იდეაში უნდა ყოფილიყო მუზეუმი, საეკლესიო მაღაზია და მსუბუქი კაფე, სადაც გაიყიდებოდა ჩაი, მშრალი ნამცხვარი, წყალი.
_ ეს არ გაკეთდა, მაგრამ რა გაკეთდა?
_ გაიმართა ბილიკი, რომელიც მოუგვარებელი იყო, გაფართოვდა ტაძართან მოსასვლელი გზა და რაც მთავრია აშენდა კელიები. კელიების მშენებლობა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. აქ ახალი მშენებლობის დაწყება თითქმის შეუძლებელია. ყველა კულტურის ძეგლს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარეჯი განსაკუთრებულია. როცა აქ ახალს აკეთებ, გაცილებით ბევრ თვალი უყურებს და ბევრი ყური უსმენს… მადლობა ღმერთს კელიები გაკეთდა.
_ და თუ კელიები არ იყო, სად ცხოვრობდით?
_ კლდეში.
_ ეს ადვილი არაა.
_ დიახ, არაა ადვილი. კლდეში ნესტია, მე 20 წელია გარეჯში ვცხოვრობ და ხერხემალი, ძვლები, ლამის დაშლილი მაქვს და ასეა ყველა, ვინც აქ ვცხოვრობთ. კელიაში ცხოვრება ისე არ წარმოიდგინოთ, თითქოს ეს კომფორტია, მაგრამ ჯანმრთელობას ვინარჩუნებთ. თუ ჩვენ არ ვიქნებით ჯანმრთელად, დღეს რომ მოდიხართ ჩვენთან და ხედავთ გარეჯს დალაგებულს, სუფთას, ეკლესია ეკლესიას ჰგავს, მონასტერი მონასტერს, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ჯანმრთელად ვართ და ვუვლით. კელიებმა ძალიან გვიშველა.
_ დენი როდის გამოვიდა?
_ მედიკო მეზვრიშვილი გარეჯზე გადაგებული იყო, თავის დროზე მან გამოიყვანა აქ წყალიც, დენიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ტელეფონიც კი. ამ ტერიტორიაზე ქართველების მეტს არავის აძლევდა საშუალებას დასახლებულიყო. სვანები მედიკო მეზვრიშვილმა ჩამოასახლა. ხაზგასმით მინდა გითხრათ – სვანები რომ არ ცხოვრობდნენ აქ, რომ არა სვანები, დღეს აქ სხვა სიტუაცია იქნებოდა. მედიკო მეზვრიშვილის დროს აქ მომრავლდა ქართველობა, ეს ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ მონასტრის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ არა მონასტერი დღეს საზღვარი აქ არ იქნებოდა. როცა მონასტერი შეიქმნა, მაშინაც საზღვრის განაპირა ვიყავით, მაშინაც გარდა მოღვაწეობისა, მონასტერს ჰქონდა სასაზღვრო ფუნქციაც.
_ ახლა წესით საზღვრის თემაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ.
_ დიახ, უცნაურია, 21- ე საუკუნეა და რაღა დროს ომი და საფრთხეებია, მაგრამ გარეჯს დღესაც იგივე ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ, თუ რამ პრობლემა გამოიკვეთება, პირველები ჩვენ ვიგებთ ამბავს და ვახმოვანებთ.
_ დიახ, ეს ფაქრტია, ასე მოხდა 2011 წელს. ახლა ამ მხრივ როგორი სიტუაციაა?
_ თუ წინა ხელისუფლების დროს იყავით წნეხში და ხელისუფლება შენი არ იყო, კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებდნენ, დღეს ეს სტრესი მოხსნილი გაქვს. დღეს გხვდებიან და უხარიხარ, გამოხატავენ პატივისცემას, გთანხმდებიან გადაიჭრას ბევრი საკითხი, ეს რათქმა უნდა, ეროვნულ ინტერესებში შედის. არ არის ისე, როგორც ადრე იყო. გახსოვთ, როცა საფრთხე გაჩნდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ თქვა: “გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში”.
_ დიახ, ასე თქვა და შემდეგ გადააკეთა, განზრახ გამივრცელეს ეს ხმაო. ასეც ხდებოდა მაშინ, პირდაპირ ეთერში ჩინოსანი რამეს ისეთს თუ იტყოდა, რაც ხალხის მძაფრ, უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, შექმნილი სიტუაციიდან „გამოსავალი“ ის ჰქონდათ, რომ სხვას აბრალებდნენ თავისავე ნათქვამს.
_ რაც ნინო კალანდაძემ მაშინ გარეჯთან მიმართებაში თქვა, მსგავსი განცხადება დელიმიტაციის, დემარკაციის გარეშე საკუთარი ტერიტორიების შესახებ, რომ გაეკეთებინა იგივე რანგის (ან მეტი, ან ნაკლები), სომეხ ან აზერბაიჯანელ ჩინოსანს, მას სამსახურიდანაც გაათავისუფლებდნენ და ციხეშიც ჩასვამდნენ, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩვენთან შეიძლებოდა საგარეო საქმეთა მინისტრს მსგავსი არასახელმწიფოებრივი განცხადება გაეკეთებინა.
_ მიუხედავად იმისა, რომ იმ ხელისუფლებამ დაიწყო გარეჯას აღდგენა, რომელსაც ნინო კალანდაძე წარმოადგენდა.
_ კიდევ გეუბნებით, გარეჯაში რა სამუშაოებიც ჩატარდა ეს არ იყო მათი ნება.
_ აბა ვაჩეიშვილი ვის წარმოადგენდა?
_ მსოფლიო ბანკმა გამოჰყო ტრანშე იმისათვის, რათა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებულიყო ინფრასტრუქტურა. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ეს არის ფონდი, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნიკაციებს და სერვისებს აღადგენს. გამოყოფილი ფული უნდა მოხმარებოდა იმ კულტურულ ძეგლებს, რომელიც ცენტრალურ ტრასას ესაზღვრება. გარეჯი ტრასიდან 65 კილომეტრშია, ამიტომ ხელისუფლება იყო წინააღმდეგი. ის, რაც გარეჯში იმხანად გაკეთდა, იყო ნიკას პირადი ინიციატივა. მან თქვა – გარეჯი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია და არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მას. ეს იყო! ხელისუფლების კეთილი ნება არ იყო გარეჯის რეაბილიტაცია, ისინი ამაზე არ ფიქრობდნენ, პირიქით, კახეთის გუბერნატორმა გია ნაცვლიშვილმა თქვა – აზერბაიჯანი გაზს გვაძლევს და მერე რა რომ მათ ტერიტორია წაიღესო. როგორ? აზერბაიჯანი თუ გაზს გვაძლევს ჩვენ ფულს არ ვუხდით, ან ამ გაზს აზერბაიჯანი სადმე სხვაგან წაიღებს?
_ ვერსად წაიღებს და ესეც რომ არა გაზის შეძენის სანაცვლოდ, ტერიტორიას რომელი სახელმწიფო ჩუქნის?
_ დიახ, ვერსად წაიღებს აზერბაიჯანი ამ გაზს, სომხეთში შეუძლებელია გაიტანოს, რუსეთში თუ გადაქაჩავს გახდება რუსული პოლიტიკის მონა, არაფერი სამადლობელი ჩვენ აზერბაიჯანისათვის არ გვაქვს.
_ კიდევ ვიმეორებ ხომ არ გვჩუქნის? და, არც თუ ისე ცოტას ვუხდით მოწოდებულ გაზში. რაღაც არ მახსენდება შეღავათიან ფასში მოეცა გაზი აზერბაიჯანს.
_ იმჟამინდელი ხელისუფლება ჩვენ გვეუბნებოდა თურმე იმისათვის რომ აზერბაიჯანიდან გაზს ვყიდულობთ, მადლობები უნდა გადავუხადოთ მათ და პლუს უნდა მივცეთ ტერიტორიებიც და კულტურული ძეგლებიც. ამიტომ, წინა ხელისუფლებიდან ადამიანი კარგს არაფერს არ მოელოდი. მათ აზერბაიჯანთან თავისი „შავი ბიზნესიც“ ჰქონდათ და ამიტომ ისინი, ყველაფერს აკეთებდნენ იმათთვის სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ იყო, რომ ტერიტორიების წაღება გაბედეს, რაც სამოქალაქო აქტივობამ ჩაახშო. დღეს ხელისუფლება ჩვენს მხარესაა, მაგრამ ამათი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღება. კი, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ვერ წყვეტენ ვერაფერს. ამდენი ხანია ეს პრობლემა ჰაერშია გამოკიდებული და წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის.
_ აზერბაიჯანელებს მაღლა საგუშაგო ისევ აქვთ?
_ საგუშაგო აღარ აქვთ, ხანდახან ამოდიან, გაივლიან და ჩადიან.
_ მახსოვს ბერებს არ უშვებდნენ სალოცავში?
_ კი, იყო ეს ასე 2011 წელს, ახლა არაა პრობლემა, არც ჩვენთვის და არც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. ადამიანურ დონეზე დღეს ეს საფრთხე არაა, სახელმწიფო ჩვენს აღქმაში დღეს ჩვენიანია, მაგრამ საკითხებს ვერ წყვეტს.
ბერდია კალანდია
(პირველი ნაწილის დასასრული, გაგრძელება იქნება)

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: რუსული ინტერნეტ სერვისების გამოყენება არაა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს