დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საქართველოში მაღალი ნდობა აქვს

ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი

ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს დღეს საქართველოში მაღალი ნდობა აქვს.

როგორც დავით ბერძენიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენების შეფასებისას აღნიშნა, პრეზიდენტის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება საზოგადოების ნდობა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს დღეს საქართველოში მაღალი ნდობა აქვს. “რესპუბლიკური პარტია”, ისევე, როგორც კოალიციის ნებისმიერი პარტია, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად დასახელების ინიციატორი არ ყოფილა. ეს იყო კოალიციის დამფუძნებლის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ, ისევე როგორც კოალიციის სხვა პარტიები, დავეთანხმეთ. ჩვენ ივანიშვილის ეს ინიციატივა და შემოთავაზება მივიღეთ. “რესპუბლიკური პარტია” ნორმალურად, მოკრძალებული აქტიურობით იყო ჩართული გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში. ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით ამ კამპანიის დროს მარგველაშვილის ნომერ პირველი მეხოტბენი, პოლიტიკურად მას მხარს ვუჭერდით და ვფიქრობ ვუჭერდით კვალიფიციურად – სადღეგრძელოებს არ ვამბობდით. როდესაც ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ, “რესპუბლიკური პარტია” არ ჩაერთო ამ კამპანიაში, არა იმიტომ, რომ მარგველაშვილთან რაიმე პოლიტიკური სიახლოვე გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი. პრეზიდენტი ინსტიტუტია და ეს ჩვენ ასე ვთქვით მაშინაც, ასე ვამბობთ ახლაც და ასე ვიტყვით მომავალშიც. ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტში კვლავ გამოვა, ზოგი დახვდება მას, ვინც დღეს დახვდა, ბევრი სხვა იქნება, მაგრამ პრეზიდენტი მარგველაშვილი გაისადაც იქნება პრეზიდენტი. მე მას ვუსურვებ ის წარმატება მოიპოვოს, რომელიც რთულია საპარლამენტო რესპუბლიკაში და მოპოვებული რაც აქვს, ის გაამყაროს, რათა რაიმე ტიპის პოლიტიკური თამაშები, არ დასჭირდეს”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მიხარია რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, მთავრობის და პრეზიდენტის მოსაზრებები თანხვედრია“
შემდეგი სტატია“არ გვჭირდება ჩვენ მონტეკარლოები, იტალიები, საფრანგეთები და ნორვეგიები”