დავით ბაქრაძემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან იანის ზლამეტსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და მტკიცე, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

დავით ბაქრაძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

თავის მხრივ, იანის ზლამეტსმა დავით ბაქრაძეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ ლატვიის პარლამენტს წლების განმავლობაში მიღებული აქვს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება
შემდეგი სტატიაEMC დემურ სტურუას საქმეზე მიმდინარე გამოძიების საწყის ეტაპებს აფასებს