ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და აშშ-ში საქართველოს მომავალ ელჩს დავით ბაქრაძეს მოლოდინი აქვს, რომ აშშ-საქართველოს შორის გაჩნდება სივრცეები, სადაც მხარეები ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებენ.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან და ეს არის პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, ფორმალიზებულია სწორედ ამ ქარტიის ფარგლებში, მაგრამ ასევე, მხარდაჭერილია ორპარტიული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ. ველოდებით, რომ გაჩნდება სივრცეები, სადაც ჩვენ ამ ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება.