დავით ბაქრაძე: ხვალ არის არჩევანი ტყუილსა და საქმის კეთებას შორის

ნაციონალური მოძრაობა ხვალინდელი დღისთვის მზად არის. როგორც გადაცემა არჩევანში დავით ბაქრაძე აცხადებს, “პარტია მზად არის ხვალინდელი ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის, რათა ხვალიდან დაიწყოს ქვეყნის წინსვლა”.

დავით ბაქრაძემ ის ტყუილები ჩამოთვალა, რომელსაც ქართული ოცნება წელს ჰპირდება მოსახლეობას.

„ტყუილი პირველი – გაისად არ მოხდება პენსიის გაზრდა და უფრო მეტიც, შეამცირებს სოციალურ დაფინანსებას და ამით შეავსებს დეფიციტს, რაც დაფინანსებაშია.

“ტყუილი მეორე – პედაგოგების 800-ლარიანი ხელფასი, რომელიც ასევე არ არის ბიუჯეტში.

“ტყუილი მესამე – სოფელი და სოფლის პრიორიტეტულობა, გაისად ბიუჯეტში უფასო ხვნა-თესვის პროგრამაში ჩადებულია ნული ლარი.

“ტყუილი მეოთხე – ინფრასტრუქტურული აყვავება და მშენებლობა, ეს კომიკურია რადგან მთავრობამ, რომელმაც 4 წლის განმავლობაში გორიდან ხაშურამდე ვერ ჩაიყვანა ავტობანი, 800 კილომეტრი გზის დაგებას გვპირდება და 5 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. თუმცა, ეს თანხა ბიუჯეტში არსად არ ფიგურირებს.

“ტყუილი მეხუთე, ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციის ეკონომიკაზეო და გაისად ხელისუფლება აიღებს 1 მილიარდ 600 მილიონიან ვალს,“ – განაცხად დავით ბაქრაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელმა ბიუჯეტმა გააბათილა ყველა ის დაპირება, რაც ქართულ ოცნებას საარჩევნო პროგრამაში აქვს.

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი კარგს და ცუდს შორის.

„ან აირჩევს ქართულ ოცნებას და მომავალი 4 წელი ვიქნებით უკუსვლაში, უპერსპექტიობაში, ან გავაკეთებთ ნაციონალურ მოძრაობაზე არჩევანს და მომავალში ვიქნებით განვითარებაში. ხვალ არის არჩევანი ტყუილსა და საქმის კეთებას შორის. თქვენი ხმა არ ნიშნავს პარტიისთვის მიცემულ ხმას, ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის მხარდაჭერა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი უძილაური: რომეო საჯაიას სასამართლოში მოუწევს ამ ბოდვის დადასტურება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: გაყალბება და ხმის მოპარვა შეუძლებელია