დაურ კოვე:ქართული მხარე სოხუმის კინოფესტივალზე ზეწოლას ახორციელებს

სოხუმში საერთაშორისო კინოფესტივალი ხვალ, 6 აპრილს დასრულდება. მასში 16 ქვეყნის 32 ახალგაზრდა რეჟისორი მონაწილეობს.
SIFF-ის (Sukhum International Film Festival) საორგანიზაციო კომიტეტმა მანამდე გამოქვეყნა, რომ ფესტივალში მონაწილეობაზე განაცხადი 3 ათასამდე რეჟისორმა გააკეთა, მათ შორის, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, მაროკოდან და სხვა.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს საელჩოები მათ, ვინც სოხუმის ფესტივალში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა, დაუკავშირდა და შეეცადა მათზე ზოწოლა განეხორციელებინა, რომ რეჟისორებს ფესტივალში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. გარდა ამისა, საქართველოს საელჩოები უშუალოდ ქვეყნების საგარეო უწყებებს დაუკავშირდა და მათ საქმის ვითარება გააცნო. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ერთ-ერთი ასეთი წერილის ნაწყვეტი გამოაქვეყნა.
კოვე ასევე წერს, რომ ქართული მხარის პროტესტი აღსანიშნავია გიორგი კვირიკაშვილის ახალი ინიციატივის “ნაბიჯი ახალი მომავლისკენის” ფონზე.

რამდენიმე დღის წინ, ფესტივალის დაწყებამდე საქართველოს საგარეო უწყებამ “თაიმერთან” სოხუმის საერთაშორისო ფესტივალზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “აღნიშნული პირების (ფესტივალის მონაწილეების – რედ.) სოხუმში ჩასვლა ატარებს კერძო ხასიათს. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყანას”, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ფესტივალში მონაწილე პირების ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათ პროგრამაში მოხსენიებულ პირებს/რეჟისორებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მისცეს მკაფიო რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული რეგიონის ვიზიტისაგან”, ამასთანავე, ” ხსენებული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის ნაწილს, რომელიც მიმართულია სოხუმსა და ცხინვალში არსებული საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის მცდელობისაკენ”, ასევე, საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ ” მსგავსი პროპაგანდისტული მეთოდებით, შეუძლებელია ზიანი მიადგეს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე არაღიარების პოლიტიკას”.

სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები ამარჯვებულებს ფულადი ჯილდოს 9 ნომინაციაში გადასცემენ. ჟიურიში რუსი და აფხაზი რეჟისორები არიან

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის სამინისტროში წმენდა გრძელდება – ირაკლი მატკავა გაათავისუფლეს!
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია