საქართველომ და აზერბაიჯანმა „ბაქო – ფოთის“ სარკინიგზო ხაზის კომპლექსური მოდერნიზაციის პროექტის გეგმა“ უნდა დადოს პეკინში

დღეს აბრეშუმის გზა, ფაქტობრივად, გადის ყაზახეთის/მონღოლეთის, რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე და შემდეგ ხვდება ევროპის ქვეყნებში. უძველესი აბრეშუმის გზა კი გადიოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ირანზე და თურქეთზე და  შემდეგ ხვდებოდა ევროპის ქვეყნებში. საქართველო „სარგებლობდა“ირანსა და თურქეთს შორის ისტორიული დაპირისპირებით, ამავე დროს იყენებდა მისი დედამდინარეების მაძრავ ძალას და უმთავრეს საზღვაო პორტს შავს ზღვაზე – ფოთს, და მართლაც მაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებდა აზიასა და ევროპას შორის. მაგრამ ეს ხდებოდა მაშინ, როცა ის აკონტროლებდა სივრცეს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. ეს შედარებით ხანგრძლივი დროით მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ და ამის გამკეთებელს ერმა „აღმაშენებელი“ უწოდა. სწორედ ამ სივრცის გაკონტროლება და „აბრეშუმის გზის“ გატარება იყო ერთ-ერთი საფუძველი მრავალსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე ერთადერთი „ოქროს ხანისა“.

 

დრო შეიცვალა, აქლემების ქარავანი სარკინიგზო ექსპრეს-მატარებლებმა შეცვალა. რკინიგზა პეკინმა მსოფლიოს გეოპოლიტიკის იარაღად აქცია – „სარკინიგზო დიპლომატიის“ ცნება სულ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს. მაგრამ, რკინიგზაცაა და რკინიგზაც! რკინიგზა ქმედუნარიანი და ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ მის ლიანდაგებზე რაც შეიძლება გრძელი, რაც შეიძლება მძიმე მატარებელი რაც შეიძლება სწრაფად დადის. მაგრამ, ეს მხოლოდ საქართველოს მონაკვეთზე რომ მოვახერხოთ, არაა საკმარისი – ის აზერბაიჯანის მხარესაც უნდა განხორციელდეს.

 

ამიტომ, საქართველომ და აზერბაიჯანმა „ბაქო – ფოთის“ სარკინიგზო ხაზის კომპლექსური მოდერნიზაციის პროექტის გეგმა“ უნდა დადოს პეკინში, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისიის შიგნით არსებულ, „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდაზე. მაგრამ ეს პროექტი მიმზიდველი და საინტერესო რომ გახდეს ჩინეთისათვის, მას სჭირდება სხვა „აბრეშუმის გზების“ მხარდაჭერა.

 

„სატრანსპორტო აბრეშუმის გზა“ საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის „გაატარებს“„,მწვანე აბრეშუმის გზას“ (Green Silk Road – გარემოს დაცვა), „ჯანმრთელ აბრეშუმის გზას“ (Healthy Silk Road – მედიცინა და ჯანდაცვა), „ინტელექტუალურ აბრეშუმის გზას“ (Silk Road of Intelligence) და „მშვიდობიან აბრეშუმის გზას“ (Silk Road of peace together – ერთობლივი და მდგრადი უსაფრთხოება). აი, ამ „გზების“ თავმოყრა უნდა შეძლოს საქართველომ რეგიონში! ხომ ვამაყობდით ერთ დროს, დედამიწის მეექვსედზე ყველაზე განათლებული ერი ვართო … აი, ასპარეზი, აი, სივრცე – დავუმტკიცოთ მსოფლიოს 21-ე საუკუნის დასაწყისშიც, რომ საქართველოში უდიდესი კულტურის და განათლების ხალხი ცხოვრობს. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ჩინეთმა „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ განვითარებისათვის გაღებული ძალისხმევიდან მეასიათასედი პროცენტიც რომ დაგვითმოს, საქართველო რეგიონში ძალიან სწრაფად გახდება ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

 

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი, დათო გოჩავა

banner
წინა სტატიაშიჰერბერტ ზალბერი ჩვენ სუვერენულ ინტერესებს პირველად არ აზიანებს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა : ველოდებით, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირიდან ადეკვატური რეაგირება იქნება