“დარწმუნებული ვარ, მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება” – ლევან მურუსიძის მოსმენა დასრულდა

ხმაური იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იმართება და მთავარი ყურადღება ლევან მურუსიძისკენ არის მიმართული. ის საბჭოს მოქმედი მდივანია და ძირითადი პრეტენზიები მის მიმართ სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება.

მის მოსმენას ესწრებოდა თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მისი მოსმენა უკვე დასრულდა. 20-ის ნაცვლად მას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში უსმენდნენ.

საბჭოს წევრები მურუსიძეს შეკითხვებს სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე უსვამდნენ.

სხდომიდან გამოსულმა საბჭოს მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეები მას კიდევ ერთი ვადით არჩევაში მხარს დაუჭერენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება. რაც შეეხებათ არა მოსამართლე წევრებს, ისინი ალბათ ამ გასაუბრების შემდეგ დაფიქრდებიან, გაანალიზებენ და ვნახოთ რა იქნება,” – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საბჭოს თავმჯდომარემ თავიდან ჟურნალისტებს სხდომის გადაღების ნება დართო, თუმცა წევრების მოთხოვნით ტელეკამერებს დარბაზი დაატოვებინეს, რადგან მათი განმარტებით, ყველა კანდიდატის თანაბარ პირობებში მოსმენა უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: არის ერთი დეტალი, რომელშიც სჭირდებათ პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის გარანტია
შემდეგი სტატიამოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადდება